weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ ძალადობაში ენმ-ს ადანაშაულებს

00:56 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 hits 254
ფოტოზე - დაშავებული გივი ქველაძე / მთავარი არხის ფოტო ფოტოზე - დაშავებული გივი ქველაძე / მთავარი არხის ფოტო

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარი ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

მმართველი პარტიის განცხადებით, 29 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ და მათ ფიზიკურად იძალადეს ცესკოს ერთ-ერთ თანამშრომელზე.

„თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.

ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

მარნეულში 29 სექტემბერს, საღამოს დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თავს დაესხნენ ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს. ლაშა ქველაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ქველაძის ავტომობილიც. 

ქველაძეები და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ავერსის“ კლინიკის მენეჯერმა სათემო რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ მამა-შვილს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, მესამე პაციენტი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. 

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და არხის კიდევ სამ თანამშრომელს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯეიჰუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ის „ქართული ოცნების“ წევრების ჩასაწერად მივიდა. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრვი მაუწყებლის ოპერატორსაც და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა. მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 29 სექტემბერს, დღისით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]