weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომა მოითხოვეს

16:24 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 hits 264
ტელეკომპანია მარნეულის ფოტო ტელეკომპანია მარნეულის ფოტო

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ „ევროპულმა საქართველომ“ აქცია გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გადადგომა მოითხოვა.

საკრებულოს წევრის და „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, გიორგაძემ არაფერი გააკეთა 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესაჩერებლად.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმ ხალხს, ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი და ეს ყველაფერი ხდებოდა საკრებულოს თავმჯდომარის თანდასწრებით. მას შეეძლო ეს ყველაფერი შეეჩერებინა, მაგრამ არ შეაჩერა. ის არის მოძალადე და მოძალადეები არ გვჭირდება მარნეულის საკრებულოსა და მერიაში.

ვითხოვთ იმ პირების გადადგომასაც, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, მაგრამ ფიზიკურად უსწორდებიან თავის ოპონენტებს“, – განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა რადიო მარნეულთან.

მისივე თქმით, ამირან გიორგაძის გადადგომის საკითხს საკრებულოშიც დააყენებს.

„რეგინფო“ ამირან გიორგაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა მან სხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

„სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომ ყველამ მისი სახელი ახსენოს. ყველა ახსენებს - ქიმაძე, ქველაძე, ჟურნალისტი. თურმე ყველას ერთად ვურტყამდი და კადრები არსად არსებობს. მიზანი ის არის, რომ მე ვარ შტაბის უფროსი, კარგად მიმყავს შტაბის საქმიანობა, ვარ საკრებულოს თავმჯდომარე და პირდაპირ ჩემზე კეთდება აქცენტი“, – განაცხადა გიორგაძემ ტვ „პირველთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 29 სექტემბერს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს. ოპოზიცია მომხდარ ძალადობაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სიტრყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივმა დაიწყო.

ამირან გიორგაძე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლის ნომებრიდან იკავებს. ამავე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ თემურ აბაზოვით ჩაანაცვლა. პარტიამ გიორგაძე პარტიული სიის პირველ ნომრად დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]