weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

7 არასამთავრობო ორგანიზაცია ბებუას საქმეზე მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

14:25 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

საქართველოში მოქმედი 7 საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, საკუთარი მანდატის ფარგლებში მიიღონ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს, აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს არის გადაღებული, ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„რომ არ იყოს ეს გაყოფა, რომ ერთად ვიყოთ, მეგობრულად ვიყოთ, იმიტომ გავაკეთე ეს. არაფერი მაქვს არც დროშის და არც აფხაზების საწინააღმდეგო. არა! პირიქით - როგორც ადრე, ძმებივით უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ. ყველას პატიებას ვთხოვ, ვინც ნაწყენია“, – ამბობს ბებუა ვიდეოში.

აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს ხელყუმბარა, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა. დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, რომელიც 1 წლამდე პატიმრობით ისჯება, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და იარაღის უკანონო შენახვას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. ირაკლი ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და დღემდე სოხუმის იზოლატორში რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ირაკლი ბებუას ოჯახს მასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. ირაკლი ბებუას სავარაუდოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი ასევე პრობლემური შეიძლება გახდეს.

„ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, მას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში ჩაკეტვის შემდეგ, თითქმის 4 წელი არ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს, რის მაგალითადაც დე ფაქტო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმეს, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებს ასახელებენ.

„პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის.

ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას“,– ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ

საქართველოს მთავრობას: გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;

უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;

მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს: მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით;

განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ადამიანის უფლებათა ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), პლატფორმა სალამი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]