weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობასთან კავშირი მერიის თანამშრომელსაც დაუდასტურდა

12:33 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

თბილსისი მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობებთან კავშირი დევნილების გარდა, სხვა მოქალაქეებსაც დაუდასტურდათ, მათ შორის ერთ-ერთი მერიის თანამშრომელია.

„დევნილი სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილი უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ ასევე სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებით უკან დახევას არ ვაპირებთ. მოქალაქე დ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტრირებულია ბინა ჭიათურაში, ასევე სამი დიდი მიწის ნაკვეთი სოფელ მღვიმეში“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ ისაუბრა იმ მოქალაქეების ქონებაზე, რომლებიც, მისი თქმით, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ ათავსებდნენ შენობა-ნაგებებობას.

„მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე, 2016 წელს მას ოჯახთან ერთად სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილის თვეში დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება, თბილისში, ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვადრატულ მეტრ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ მოქალაქე ლ. ფ-მ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მიყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია.

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული ქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვადრატულ მეტრ მოცულობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს სამგორის რაიონში რეგისტრირებული აქვს შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა. მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი შუამთის ქუჩაზე“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობენის ნგრევა დღეს გააგრძელა. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, აფხაზეთიდან დევნილმა ლევან ფიფიამ განაცხადა, ინსპექციის წარმომადგენლები დაახლოებით დილის 7 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, რომ დემონტაჟი უნდა დაეწყოთ.

„დაცალეთ სახლიო და გამოგვიყვანეს. ორი ადამიანი სახლში ვიყავით. რაღაცები გამოვიტანეთ, რაც მოვასწარით. დანარჩენი სულ დალეწეს, შიგნით მოაყოლეს, ბულდოზერებით დაანგრიეს. საწოლები, ყველაფერი შიგნით ყრია. ტანსაცმელი არ გამომიტანია. 2010 წლიდან ამას ვაშენებ. პირველი გაფრთხილება 4 დღის წინ იყო. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილებაო. გუშინაც იყვნენ. ამ დილით 7 საათზე დაგვადგნენ და დაგვინგრიეს სახლი, გამოგვყარეს შიგნიდან. მთელი ჯარი იდგა აქ“, – ამბობს ლევან ფიფია.

თბილისის მერიის დავალებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო, რასაც ადგილობრივების და მშენებელთა პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით ინსპექციამ კიდევ 7 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოითხოვა და ამისთვის მოქალაქეებს 18 დეკემბერს ოთხდღიანი ვადა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]