weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დღეს დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარესაა – კობახიძე

17:05 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინგით გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც კობახიძე ამბობს, ხელისუფლებისთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ისინი „ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის“.

„პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა.

ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.

ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს - მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. - არ რჩება პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს და მისი დამკვიდრების გარეშე ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

„თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა.

დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა.

ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. პარლამენტში გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა მელია არაერთხელ მოიხსენია კრიმინალად და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნებოდა უმოკლეს ვადაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რათა „არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა“.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებით, დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]