weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პარლამენტის პიკეტირების მცდელობა არ ემსახურება დიალოგის ინტერესებს – ღარიბაშვილი

14:34 სამშაბათი, 02 მარტი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილით პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის მხდირდან პარლამენტის პიკეტირების მცდელობა დესტრუქციული ქმედებაა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრას გუშინ დაუყოვნებლივ დათანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ „კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, გამოჩნდა არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 2 მარტს, დილით, ოპოზიციური პარტიების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პიკეტი მოაწყეს. ისინი სტვენითა და შეძახილებით აცილებდნენ საკანონმდებლო ორგანოში შემავალ დეპუტატებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც პარლამენტთან იმყოფებოდა, განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, რაშიც ნიკა მელიას გათავისუფლება და ახალ არჩევნებზე მოლაპარაკებებიც იგულისხმა.

„დღეს აქ ვართ, ხვალ მთავრობის კანცელარიასთან ვიქნებით, ზეგ – შსს-სთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროტესტს შევაჩერებთ, ძალიან ცდებიან“, – თქვა უდუმაშვილმა მედიასთან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება 26 თებერვალს გამართულ აქციაზე დააანონსა. ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებაა მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]