weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა

19:10 ორშაბათი, 10 მაისი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადაიხადა. ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების ნაწილი იყო.

„მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მე მას მადლობას ვუხდი როგორც ადამიანს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა გათავისუფლებულმა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა. 25 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდიდა, სასამართლოს მიმართავდა შუამდგომლობით მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ, 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]