weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნამახვანჰესზე გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

11:44 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია „მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრმა ეიდი ჰაუტალამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მხარდამჭერი მორიგი განცხადება გააკეთა.

ფინელმა დეპუტატმა Twitter-ზე ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატია გააზიარა და დაწერა:

„მივესალმები ქართველი ხალხის ამ ახალი ტიპის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია“.

ეიდი ჰაუტალამ 22 აპრილს უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელშეკრულება კაბალურ პირობებს შეიცავს, დადებულია სახელმწიფო ინტერესების დათმობით და ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი ორი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა, თუმცა უწყება საკუთარ დასკვნას ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. დოკუმენტი გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), რომელიც სამინისტროსგან დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს, აცხადებს, რომ „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობამ არ გაითვალისწინა.

აღნიშნულ დასკვნას ხელს მიხეილ სარჯველაძე აწერს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც ის განმარტავს, სამინისტროს შენიშვნები მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და მათი ნაწილი ხელშეკრულებაში აისახა. ამასთან, ის ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის არც ერთი იყო ისეთი, რომელიც „ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]