weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დასაქმებულებს სამუშაო ადგილთან წვდომა უნდა ჰქონდეთ – თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე

15:49 შაბათი, 05 ივნისი 2021

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ კომპანია ენკა რინიუებლზისთანამშრომლებს სამუშაო ადგილთან წვდომა უნდა ჰქონდეთ.

ელჩის კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფატმა ჯერენ იაზგანმა თქვა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია საქართველოს საქმეა.

„ეს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია. ამიტომ, მე რას ვფიქრობ, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, არარელევანტურია. ეს გადაწყვეტილი იყო ჩემს ჩამოსვლამდე ბევრი წლით ადრე. რაც მე მაშფოთებს არის ის, არსებობს თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის თურქული კომპანია, რომლითაც ვამაყობთ.

ის კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას, მაგრამ უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება.

ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ ნამახვანი ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა ვინც, გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ.

თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ.

მივმართავ პროტესტში ჩართულ მეგობრებს, დიახ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“, – განაცხადა ელჩმა.

ნამახვანჰესის მშენებლობას 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ რიონის ხეობაში. პოლიციამ აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები აიღო, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს. პროტესტის 209-ე დღეს, 23 მაისს, დემონსტრანტებმა თბილისში გადაინაცვლეს და 26 მაისამდე იქ მართავდნენ აქციებს. გუმათში დაბრუნების შემდეგ, მათ ინვესტორი კომპანიის ავტომობილებისა და თანამშრომლებისთვის გზები გადაკეტეს და ასე ცდილობენ ნამოხვანში მიმდინარე მშენებლობა შეაფერხონ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ხეობაში სამშენებლო სამუშაოები კანონის დარღვევით მიმდინარეობდა და კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაც ცნო, თუმცა მშენებლობა არ შეწყვეტილა. 

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მხოლოდ სადერივაციო გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. ინვესტორი კომპანია ირწმუნება, რომ სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში ხორციელდება და პროექტით გათვალისწინებული 105-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აპირებს პროტესტი გააგრძელოს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – უარი ითქვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა. ამ დროს, საქართველოს მთავრობას, წინსწრებით, 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კომპანიისთვის აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით უკვე გადაცემული ჰქონდა.

ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელშეკრულება კაბალურ პირობებს შეიცავს, დადებულია სახელმწიფო ინტერესების დათმობით და ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესზე გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ნამახვანჰესის კონტრაქტის შესასწავლად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო კომპანიას ეძებს

სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]