weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა

19:45 შაბათი, 21 აგვისტო 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. დღეს ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა და განაცხადა, რომ უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.

გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრია. მისი თქმით, შეკითხვაზე – რატომ იყრის კენჭს ფოთში 5 ნომრით, მარტივი პასუხი აქვს: „იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი“ და ზეპარტიული ბრძოლა.

„მე მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე - რას აპირებ? რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება? ან რატომ 5 ნომერი? როდესაც ვისაუბრეთ, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა, იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი. უარი ვთქვი იმიტომ, რომ დრო არ არის ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. სულ ერთია. ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, რომელიც მოიტანს განვითარებას, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას. გამარჯვების ფორმულაა: შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მალე ფოთელებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პროპორციულ სიას წარუდგენს.

„მომდევნო 10 დღის განმავლობაში კონსულტაციები გვექნება. ფოთში უნდა შევქმნათ საუკეთესო მაგალითი კოალიციური მმართველობის. ყველა ადამიანი, ვისაც აქვს კომპეტენცია და პოლიტიკური სტამინა რომ ამ ბრძოლაში წამოვიდეს, უნდა იყოს ამ გუნდში. აქ უნდა შეიქმნას მმართველობის აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი. აქ უნდა იყოს ისეთი ღია მმართველობა, როგორიც არასდროს ყოფილა. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ფოთი სწრაფად განვითარდეს და მე ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო, როგორც მერმა“, – აღნიშნა უგულავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „ქართულ ოცნებას“ ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძე ჰყავს წარდგენილი.

გიგი უგულავა 2005-2013 წლებში თბილისის მერი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის წარუდგინეს, 2015 წლის სექტებერში კი დამნაშავედ ცნეს და 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა და უგულავა სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ. სასამართლომ მას სასჯელის სახით, 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ამნისტიის აქტის გათვალისწინებით, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის იანვარში დატოვა. 2018 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 38% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კენჭი ისევ „ევროპული საქართველოდან“ იყარა, ოღონდ ზუგდიდში და ცესკოს თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 7.22% მიიღო. 2021 წლის 10 აპრილს გიგი უგულავამ „ევროპული საქართველო“ დატოვა, სადაც ის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]