weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წინასაარჩევნოდ ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ ისევ გააკრეს

20:07 შაბათი, 18 სექტემბერი 2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თბილისსა და რეგიონებში სიძულვილის ენის შემცველი, ე.წ. სისხლიანი ბანერები გააკრეს. წითელი ლაქებისა და წარწერის „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ფონზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლები არიან გამოსახული. 

უცნობია, ვისი დაკვეთით განთავსდა ბანერები, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ უკან „ქართული ოცნება“ დგას. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ბანერების განთავსებაზე გადაწყვეტილებას სარეკლამო კომპანია „ალმა“ იღებს და მერიას მათი არც გაკვრის და არც ჩამოხსნის უფლება არ აქვს.

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც არის გამოკრული? ისევე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს“, – უთხრა დღეს კალაძემ ჟურნალისტებს.

ბანერებზე გამოსახული არიან: დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„ესა თუ ის გამოხატვის ფორმა ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. როგორც ჩანს, ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც ცხრა წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით.

რა თქმა უნდა, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარაზაციას, მაგრამ ამ საზოგადოებაში მთავარი პოლარიზატორი რადიკალური ოპოზიციაა თავისი სამი პარტიული ტელევიზიით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ისეთი ინფორმაციის მითითების გარეშე, როგორიცაა: დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მასალის ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. ISFED-ი ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას გეგმავს.

ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ პირველად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკრეს, რაზეც პასუხისმგებლობა წინანდალში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა აიღო. მეგუთნიშვილი ამბობდა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში უკანონოდ დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს, ბანერებით კი პროტესტი გამოხატა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]