weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შეიძლებოდა ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების დადება – წულუკიანი ნამახვანჰესზე

01:09 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი და „ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი“ ყოფილიყო.

წულუკიანის თქმით, კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე სამწუხარო შედეგია, რომელიც გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის.

„მართლაც, ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული როგორც ის მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ვგულისხმობ კონკრეტულად იმას, რომ თვითონ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.

ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის რეგლამენტი, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებზე სამართლებრივ ექსპერტიზას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ეს დასკვნა გამოქვეყნებულიც იყო ჩემი პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერით და ცირკულირებდა სოციალურ ქსელებში.

შეიძლებოდა ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა. ამას ვამბობდით ჩვენ მაშინდელ დასკვნაშიც, მაგრამ დაიდო ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის ტიპის პროექტები, „თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ“, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

„მეც შემხვედრია და მედია გაჯერებული იყო მათი განცხადებებით, ვინც ამბობს, რომ ამ ტიპის ჰესები დამღუპველია ქვეყნისთვის და ა.შ. მინდა მათ ვუთხრა, რომ

მე პირადად, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთი ქართველი, დიდი მოყვარული დიდი ჰესების არ გახლავართ, მით უმეტეს, ჩემი კუთხის, სვანეთის კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ ხოლმე პროფესიონალების აზრს.

ასე ხელაღებით თქვა, რომ ის არაფერში გვჭირდება, იქნება ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამ ტიპის ჰესები ჩვენ უნდა ვაკეთოთ, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ეს ვიღაცებს, ეს გასაკეთებელია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ინვესტორთან და ხალხთანაც იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფუძვლიანი ან უსაფუძვლო განცდა, რომ რაღაც კეთდება ქვეყნის საზიანოდ“, – აღნიშნა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ამ ერთი თვის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან კომუნიკაციას გააგრძელებენ, „რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის 30 მარტს იუსტიციის სამინისტრომ კონტრაქტის პროექტის შესახებ დასკვნა მოამზადა და გაუგზავნა ნათია თურნავას, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. დასკვნა, რომელშიც 22 კრიტიკული შენიშვნაა, სახელმწიფო უწყებას გასაიდუმლოებული ჰქონდა და ის გამოცემა „მთის ამბებმა“ 25 მაისს გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, რომელიც დასკვნის მოპოვებას დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა და ამ მიზნით სასამართლოსაც კი მიმართა, „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ არის.

აღნიშნულ დასკვნას ხელს მიხეილ სარჯველაძე აწერს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც ის განმარტავს, სამინისტროს შენიშვნები მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და მათი ნაწილი ხელშეკრულებაში აისახა. ამასთან ის ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის არც ერთი იყო ისეთი, რომელიც „ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]