weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა – პრეზიდენტი

01:44 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021 hits 158

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო და 15-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მიუყოლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყებიდან თითქმის 14 საათი გავიდა. მაშველებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 2 ადამიანი გადაარჩინეს - ქალი და კაცი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში იპოვეს ქალის ცხედარი.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა.

დღის განმავლობაში ადგილობრივები მედიასთან აცხადებდნენ, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ იყო დაშენებული, რასაც, მათი აზრით, შესაძლოა ნგრევა გამოეწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც, გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

„ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება საყრდენი კედლის გამოცლა იყო მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]