weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააკაშვილის თქმით, საქართველოში მესამე ქვეყნის მეშვეობით აღმოჩნდა

21:33 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხმა“ გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც მის დაკავებამდეა გადაღებული. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ იმყოფება დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში, სადაც მესამე ქვეყნის მეშვეობით აღმოჩნდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, იგეგმებოდა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ის 2 ოქტომბერს კიევიდან თბილისში გამოფრინდებოდა, აზერბაიჯანში ან სომხეთში დაესვათ.

„მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით. მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდი იყო, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლებ კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

მე მივყვები ჩემი ხალხის, გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების და მიწის დანახვა. ვერ წარმოიდგენთ, რა არის 8 წლის შემდეგ ყოფნა შენს ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს ჩემთვის მთავარია. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მივაღწიე ჩემს მიზანს – არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩემს ქართველებს და თანამებრძოლებს შორის, ჩემს ერს შორის, ვიბრძვი მისთვის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა ის საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამი ადამიანია დაკავებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მეექვსე დღეა შიმშილობს.

 

ამ თემაზე;

სააკაშვილის საქმეზე უკრაინის სასაზღვრო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]