weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

გვარამიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილური და ძალიან ნორმალურია“

14:29 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021 hits 183

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ მან განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შენიშნა. ეს განცხადება გვარამიამ დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები მისი ნებართვის გარეშე ვრცელდება.

„მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე ვერ შევნიშნე. მე მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს ამ საკითხების უტრირება იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით.

გუშინ მან უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი და სხვა არხების ეთერში გადიოდა. იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ მდგომარეობა სტაბილური და ძალიან ნორმალურია. ცვლილებები ჩვენთან კომუნიკაციის დროს ნამდვილად არ შეგვინიშნავს“, – თქვა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილიც, რომელშიც ის მხარდამჭერებს სთხოვს, მთელი ყურადღება არჩევნებს დაუთმონ.

„ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

შიმშილობის გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წუხელ გაავრცელა, რასაც რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გავცრელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]