weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი კობახიძის რიტორიკა თავდასხმა და დაშინების მცდელობაა – სახალხო დამცველი

18:20 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და მის მიერ მოწვეული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და 16 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

„აღნიშნულის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას.

„პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. მასში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ ამ დასკვნას მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ის სცენარი, რისიც მმართველ პარტიას ეშინია, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]