weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

BILD: ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ

14:28 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021 hits 169
ფოტოზე - ჰუბერტ ქნირში ფოტოზე - ჰუბერტ ქნირში

გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკული სტატია „სერიოზული პასუხები საქართველოდან, ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანელი დიპლომატი აშკარად პრო-სამთავრობო პოზიციის მქონედ მიიჩნევა და ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ელჩის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობს.

სტატიაში ნათქვამია, რომ კარიერული დიპლომატი ჰუბერტ ქნირში, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში გერმანიის ელჩია, მანამდე კი ოთხი წელი მოსკოვში მუშაობდა, არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივ განცხადებებში, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაში. ამის დასტურად სტატიის ავტორმა რამდენიმე ფაქტი დაასახელა.

სტატიის თანახმად, გერმანიის ელჩმა საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან დაიცვა. საქმე ეხება 2020 წლის ივლისში, მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

„ქნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა, რომ ისინი „ამ დონემდე დაეშვნენ“ პირადი ხასიათის თავდასხმებით და მათი ქმედებები იმ არაჯანსაღ დაპირისპირებას შეადარა, რაც ოპოზიციასა და მმართველი პარტიას შორისაა“, – ნათქვამია სტატიაში.

ამის პასუხად, 44-მა ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა.

სტატიაში ასევე საუბარია 2020 წელს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელშიც ჰუბერტ ქნირშიც იყო ჩართული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, BILD-ს განუცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ხელისუფლებას არ უნდოდა დოკუმენტში რურუას სახელის ჩაწერა, რის გამოც ოპოზიციამ რამდენიმე ელჩი მიიწვია, რათა შეთანხმების შესრულების გარანტია ჰქონოდა.

„ოპოზიცია ენდო გერმანელი დიპლომატის სიტყვას, თუმცა 3 თვის შემდეგ გერმანიის ელჩმა ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიას განუცხადა: „ბატონი რურუა არ იყო ნახსენები 8 მარტს შეთანხმებაში. ეს მკაფიოა და ყველას შეუძლია წაიკითხოს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, ელჩმა იცრუა და ამით „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ დაუჭირა მხარი.

სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის დასაცავად გერმანიის პროკურატურის განცხადებას შეეწინააღმდეგა. საქმე ეხება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2020 წლის ივნისში ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლება მოხსენიებული იყო როგორც პრორუსული, ხოლო ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარ მოტივად „საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება“ სახელდებოდა. ამის შემდეგ გერმანიის საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელდა განმარტება, რომლის მიხედვითაც, გერმანიის პროკურატურის ინფორმაცია გაუგებარ ფორმულირებას შეიცავდა და „საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს“.

ქნირშის პრო-სამთავრობო პოზიციის ბოლო მაგალითად სტატიის ავტორს მოჰყავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ელჩმა ძალიან სწრაფადვე გადაწყვიტა, ობიექტურად ეცნო „საკამათო არჩევნები“, ოპოზიციას კი უთხრა, რომ შედეგების მიღება მათი „ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა“. ამ საკითხზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ BILD-ს უპასუხა, რომ ქნირშმა ყველას მიულოცა, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა და ელჩის პოზიცია არ განსხვავდება ევროკავშირის შეფასებისგან.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომლის უკანაც „მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი“ ბიძინა ივანიშვილი დგას, თავის მხრივ ელჩ ქნირშის მხარი დაუჭირა და 2020 წლის ივლისში დაგმო მის წინააღმდეგ „ცილისწამების კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ხელმძღვანელობენ“.

„როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია, ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან, მაშინ როცა ერთი მხრივ, გერმანელ დიპლომატსა და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა მტრულად გამოიყურება“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის ელჩის მეუღლის საქმიანობას ეთმობა. გამოცემის თანახმად, ევა მარია ქნირში 2021 წლის გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად მუშაობს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. ელჩის ცოლის იურისტმა BILD-ს განუცხადა, რომ ქალბატონი ქნირშის ამჟამინდელი ანაზღაურება შეესაბამება მიწვეული ლექტორის ანაზღაურებას ერთსაათიანი სწავლებისთვის, რაც BILD-ის თანახმად, გერმანელი პროფესორებისთვის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.

„როგორც ელჩის მეუღლის იურისტები, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რაც ფორმალურად სიმართლეა. ფაქტია, უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 145 000 ევრო მიიღო 2019 წელს, ხოლო 2020 წელს 610 000 ევრო. მეორე მხრივ, არის 1 მილიარდი ევროს ერთჯერადი ინვესტიცია „ქართუ“ ფონდისგან, რომელიც ოლიგარქისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილს ოჯახს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია არ არის საიდუმლო, ამ ოდენობის თანხის გადახდისთვის უნივერსიტეტი საკუთარი ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე მადლობას უხდის გულუხვ მფარველს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი წერს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მხოლოდ ეს არ გამოარჩევს და აღნიშნავს, რომ ობიექტის შექმნისას ხელისუფლებამ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინა: „მაშინ, როცა საქართველოში ჩვეულებრივ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უწევთ ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის ხანგრძლივი პროცესის გავლა, ოლიგარქის უნივერსიტეტი აკრედიტებული იქნა 2019 წლის ნოემბერში სპეციალურად მისთვის შექმნილი აქტით“.

BILD-ის სტატიის თანახმად, ოლიგარქის უნივერსიტეტში ევა მარია ქნირშის საქმიანობა არ არის გერმანიის ელჩის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან. ავტორის წერს, რომ 2020 წლის ივნისიდან ქალბატონი ქნირში არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შვილობილი TUM International-ის შტატგარეშე წარმომადგენელი საქართველოში და ამ საქმიანობისთვის შედარებით მცირე საათობრივ ანაზღაურებას იღებს. TUM International-ის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის სახელით უწევენ კონსულტაციას.

„ამგვარად, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისა და გავლენიანი ოლიგარქისგან, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, ის მუშაობს იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ის [ბიძინა ივანიშვილი] მნიშვნელოვანწილად აფინანსებს, ხოლო მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში, რომელიც ოლიგარქის სახელმწიფო უნივერსიტეტს კონსულტაციას უწევს საქართველოს მთავრობის სახელით.

თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მეუღლის საქმიანობასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავენ. BILD-ს კითხვაზე პასუხად, თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ უცხოეთში მყოფი თანამშრომლების პარტნიორების პროფესიულ მოღვაწეობას და რომ ელჩის მეუღლის საქმიანობის შესახებ მათთვის ცნობილია“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩი მისი ცოლის დამსაქმებლის რეკლამასაც აკეთებს. ამის დასტურად მოყვანილია 2021 წლის იანვარში ჰუბერტ ქნირშსა და საქართველოს განათლების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელს შორის გამართული შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილეს.

ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა BILD-ს დაუდასტურა, რომ გერმანიის ელჩი აღიქმება როგორც „ქართული ოცნების“ მიმართ ნაკლებად კრიტიკული. ონიანის თქმით, ელჩის მეუღლის კონტრაქტები სამთავრობო ორგანიზაციებთან შეიძლება არ იყოს პრობლემა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩამოყალიბებული დემოკრატია და ქმედითი ინსტიტუტებია, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა. გიორგი ონიანი ამბობს, რომ ელჩის საქმიანობის და განცხადებების ფონზე სრულიად შესაძლებელია იყოს კორუფციის ან მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.

BILD-ის ინფორმაციით, ქალბატონ ქნირშს მათი კითხვებისთვის პირადად არ უპასუხია, თუმცა მისმა იურისტებმა გამოცემას უთხრეს, რომ ელჩის მეუღლის კორუფციაში დადანაშაულება უსაფუძვლოა და BILD-ს სთხოვეს, ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც მსგავსი პასუხი გაჟღერდა, რომ ევა მარია ქნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების კურსებს ასწავლის და წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებაში ეხმარება და აქედან კორუფციის ბრალდების შექმნა აბსურდია“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, ელჩისა და მისი მეუღლის ქმედებას მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არ აკრიტიკებს – ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა BILD-თან განაცხადა:

„პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყანაში, პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, მისი როგორც გერმანიის ელჩის ცოლის მუშაობა უნივერსიტეტში, რომელიც 99%-ით მმართველი პარტიის უკან მყოფი ოლიგარქის მიერაა დაფინანსებული. რა თქმა უნდა, აქ ინტერესთა კონფლიქტია მისი ქმრის პოლიტიკურ ამოცანებთან. პირადად მე ვფიქრობ, ეს ძალიან პრობლემური საკითხია და მხოლოდ შემიძლია ვურჩიო მას, შეწყვიტოს ყველა ის საქმიანობა, რომლითაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებებით შემოსავალს იღებს“.

ქართველი ექსპერტი, ბერლინის სტრატეგიული მეცნიერებების საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე ამბობს, რომ ელჩის ცოლის საქმიანობა, ევროპული სტანდარტებით, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს. მისი თქმით, ჰუბერტ ქნირში ნამდვილად მიიჩნევა საქართველოში დასავლელ ელჩებს შორის ყველზე მეტად ხელისუფლების მომხრედ.

„ის ფაქტი, რომ მისი ცოლი მუშაობს ივანიშვილის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ინსტიტუტში კრავს ამ ერთიან სურათს და ჯდება მთლიან მონახაზში“, – ამბობს თორნიკე გორდაძე.

სტატიის ბოლოს, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ექსპერტი საქართველოს საკითხებში, სტეფან მაისტერი აცხადებს, რომ ელჩის მეუღლის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. მისი თქმით, ამ დამოკიდებულების მიზეზია ის, რომ ელჩის მეუღლის საქმიანობა სასწავლო აქტივობაა, რაც „შეზღუდულად ანაზღაურებადია“.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი „დიდწილად ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფინანსებული“, ეს არაა იშვიათი შემთხვევა, როცა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მნიშვნელოვან პროექტებშია ჩართული.

„შემოსავლები ორივე საქმიანობიდან, რაც არაა იშვიათი ელჩების პარტნიორებისთვის, არის ძალიან მცირე იმისთვის, რომ კორუფციაზე ვისაუბროთ“, – ამბობს მაისტერი და დასძენს, რომ არ სჯერა, თითქოს მეუღლის საქმიანობა გავლენას ახდენს გერმანიის ელჩის მოსაზრებებზე ან პოლიტიკაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]