weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა

13:49 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა და შესაბამისად, ვერც საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ოპოზიციის მიერ მოწვეულ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარდა, სხდომაზე არც დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე გამოცხადდა.

ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის დაყენებას აპირებდა. გარდა ამისა, დღის წესრიგში ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობაც იყო. 

„დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმელებს უცხადებს ბოიკოტს. ეს არის გუნდი და ხელისუფლება, რომელსაც ამ ქალაქში უმძიმესი კრიზისი სჭირდება. ერთადერთი დაინტერესებული მხარე კრიზისის გადაწყვეტაში არის ოპოზიცია“, – განაცხადა კუპრაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ კი კრიზისის შექმნაში ოპოზიციას ადანაშაულებს. თენგიზ აფხაზავას თქმით, სახელისუფლებო პარტიის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივა.

„მიუხედავად ამისა, არცერთ პოლიტიკურ ძალას და ცხადია, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოუდგამს. პირველი სხდომა მათ დატოვეს მას შემდეგ, რაც ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება და არ განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, არც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ეს საკითხია შეტანილი მათ მიერ ჩანიშული სხდომის დღის წესრიგშიც. ეს არის მათ მიერ შოუს მოწყობის მცდელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღის წესრიგში შეიტანეს 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი. ამით მათ დაადასტურეს, რომ ქალაქის განვითარებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ მოწოდებულები არიან დესტრუქციული ქმედებებისკენ, რათა შეაფერხონ ქალაქის განვითარება“, – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ. 

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს 34 წევრის უფლებამოსილება 3 დეკემბერს იქნა ცნობილი. 35-წევრიან საკრებულოში 34 წევრი მას შემდეგ დარჩა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. 

34 მანდატიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 16 მანდატი აქვს. ჯამურად 17 მანდატი აქვს ოპოზიციას, რაც შემდეგნაირად ნაწილდება: 14 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2 – „გახარია - საქართველოსთვის“, 1 – „ლელო საქართველოსთვის“. კიდევ ერთი მანდატი ირაკლი თავდგირიძისაა. ის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის სიით შევიდა, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია. 

საკრებულოს სხდომა გაიხსნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაესწრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]