weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2022

სააკაშვილს იქ დარჩენა სურს, სადაც არ ეკუთვნის, ეს დისკრიმინაციაა – კობახიძე

16:33 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021 hits 208

„მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დარჩენა აღარ ეკუთვნის, რადგან შიმშილობის შემდეგომი მკურნალობა ორი კვირის წინ დასრულდა.

„ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ. 

სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ეს ადამიანი ჭირვეულობს, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება, 27 დეკემბერს განაცხადა, რომ დაახლოებით 17:30 საათზე, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია. მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის განსაზღვრის გარეშე მიჰყავდათ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა 27 დეკემბერს დასრულდა და ის დაწესებულებიდან გაწერეს, რის შემდეგაც მასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ. ამასთან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის გადაყვანა ადვოკატებთან არ თანხმდება. 

ამ საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ციხეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აგრძელებენ მუშაობას მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]