weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ენმ და გახარიას პარტია მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ – სუბარი

15:39 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, კორნელი სალიას არჩევას გამოეხმაურა. 

სუბარის აზრით, საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა.

„ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე ფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია.

ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

დღეს უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. 

ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა სუბარმა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას საკრებულოს 14-მა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა ხმა, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მადლობა ყველას. სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მაინც მოვახერხებთ თანადგომას წალენჯიხისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულომ ფუნქციონირება გააგრძელოს და მივიღოთ ბიუჯეტი“, – განაცხადა სალიამ არჩევის შემდეგ.

მისივე თქმით, ერთპარტიული მმართველობა არ იქნება და პოლიტიკურ თანამდებობებს „ქართული ოცნების“ წევრებიც მიიღებენ, თუ ამის სურვილი ექნებათ. კორნელი სალიას განმარტებით, საკრებულო არჩევნებში პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად დაბალანსდება.

წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 11-11 მანდატი აქვთ, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ – 3, ხოლო 1-1 – „ლელოს“ და დამოუკიდებელ დეპუტატს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]