weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

პროკურატურამ კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 

13:01 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან“ პარლამენტის წევრის და რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ჩხუბს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ სამი პირი - ვ.ბ., ო.ყ. და შ.მ..

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა“, – აცხადებს პროკურატურა. 

დავით კირკიტაძის მიმართ დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ასევე ძალადობა ედებათ ბრალად ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს და შ.მ.-ს. დანაშაული სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დავით კირკიტაძის შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. 

„რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, „ქართული ოცნება“ საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა. რა გადაწყვიტეს?

რუსთაველებისთვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება? არა. ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან, ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა“, – ასე გამოეხმაურა კირკიტაძე პროკურატურის განცხადებას.

დავით კირკიტაძის ინფრომაციით, პროკურატურა მისთვის ბრალის წარდგენას 15:30 საათზე აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]