weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

16:57 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ჯაფარიძე თაღლითობაშია დამნაშავედ ცნობილი.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სხვა მუხლით იმიტომ, რომ თაღლითობით ვერ დაიწყებოდა. გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, ის არ იყო დამნაშავე. პროკურატურამ 10 წლის განმავლობაში რატომ არ დაიწყო გამოძიება, ეს ჩვენი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ადამიანს ბრალი ვერ წარედგინება და ის არ ითვლება დამნაშავედ. ორი წლის განმავლობაში საერთოდ სხვა მუხლით, სხვა მტკიცებულებებით მიდიოდა საქმეზე განხილვა და ბოლო მომენტში, მოსამართლემ დააკვალიფიცირა თაღლითობად, ანუ თაღლითობის განხილვა საერთოდ არ ყოფილა არცერთ ეტაპზე. როდესაც პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა ფულის გათეთრების ბრალი, სასამართლომ გადააკვალიფიცირა თაღლითობის მუხლით და საერთოდ აბსურდული მუხლით მაინც ჩათვალა დამნაშავედ. ეს არ უნდა გახდეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი“, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

შალვა შავგულიძემ თქვა, რომ სასამართლოს განაჩენი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ კანონიერების, განმეორებითი მსჯავრის აკრძალვის და დაცვის უფლებით უზრუნველყოფის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მან სცადა კომიტეტი დაერწმუნებინა, რომ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარი არ დაეჭირა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ თუ სასამართლოს განაჩენი „დამაკმაყოფილებელი“ არ არის, ამაზე ზემდგომი სასამართლო ინსტანციები იმსჯელებენ, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ეს შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი გახდეს. 

„მე გამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რასაც კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი მკაფიოდ გვიყალიბებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება.

12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო ფრაქციის „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შეფარდებული სასჯელისგან გათავისუფლდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის მიერ ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) შეცვალა და თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. ამ საქმეზე ასევე ბრალდებული იყო „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომლის მიმართაც იგივე განაჩენი დადგა. ჯაფარიძე-ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე ორ წელზე მეტი გრძელდებოდა. პროკურატურამ გამოძიება 2008 წელს, „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციებულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]