weather cur horoscope tv
ივნისი 14, 2024

რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის, ბათუმში კი საკრებულოს არჩევნები გაიმართება

18:31 პარასკევი, 01 აპრილი 2022

ხვალ, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. პარლამენტის მაჟორიტარ წევრს მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოცავს. საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მასში გონიო, კვარიათი და აეროპორტის დასახლება შედის.

რუსთავსა და გარდაბანში კენჭს სამი კანდიდატი იყრის: მამუკა ტუსკაძე (მამუკა ტუსკაძე ‐ „სოციალური სამართ ლიანობისათვის“), ირაკლი შატაკიშვილი („ქართული ოცნება“) და კამალ მურადხანოვი („საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“). ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც „ლელოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატი იყო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა, რადგან მიიჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის შეუსაბამო პერიოდი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 139 989-ს შეადგენს. არჩევნები რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი) უბანზე ჩატარდება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუსთავი-გარდაბნის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და რუსთავის მერად იქნა არჩეული.

რაც შეეხება ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქს, იქ საკრებულოს დეპუტატობის ორი კანდიდატია დარეგისტრირებული: „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – მათე ფუტკარაძე. მათე ფუტკარაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბათუმის საკრებულოში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. ნუგზარ ფუტკარაძე საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარებამდე გარდაიცვალა, რის გამოც შუალედური არჩევნები დაინიშნა. ეს არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს, ვის ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში – „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას.

საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც 497 ამომრჩევლით მეტია 2021 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ცესკოს ცნობით, ხვალ ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. მათ თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

ცესკოს განცხადებით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.

 „პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში“, – განაცხადეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

კენჭისყრის პროცესი დილის 08:00 და 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ხმებს დაითვლიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]