weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სერიოზული დაავადების შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს – პრეზიდენტი

10:40 პარასკევი, 29 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. ინტერვიუ 27 აპრილს არის გამოქვეყნებული.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე. მან პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, სააკაშვილის დაპატიმრება სწორი ნაბიჯი იყო თუ არა.

„ეს ძალიან უცნაური კითხვაა. ეს სასამართლოებმა გადაწყვიტეს და მე ამას მხარს ვერ დავუჭერს ან წინააღმდეგი ვერ ვიქნები. მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო შარშან და იმ დროს, ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობს შიდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. აქ ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაში ვართ, რაც არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება ძლიერი პოლარიზაციის საკითხი იქნება საქართველოში, რადგან ქვეყნის ნახევარი ერთ მხარეს მყარად დგას და, ალბათ, უმრავლესობა შეწყალების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია.

როგორც უკვე ვთქვი, სხვა საკითხია ის, რომ თუ მას მართლაც დაუდგინეს რაიმე სერიოზული დაავადება, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის ერთიანობის შენარჩუნება. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, ამის დემონსტრირებაა, რომ მედეგი ხართ და შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ ნებისმიერს, თუ ერთიანი ხართ. ჩვენ გვაქვს უკრაინის ხელმძღვანელობის გარშემო მოსახლეობის რეალური ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა შეშფოთებული იმ გზავნილით, რომელსაც სააკაშვილის პატიმრობა უგზავნის მსოფლიოს, სალომე ზურაბიშვილის პასუხი იყო: „არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

„თუმცა, ეს დემოკრატიის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკითხად განიხილება. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დაჭერა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

„სარკოზის [საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი] სასჯელი აქვს მისჯილი და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. მრავალი სხვაც არის, ბერლუსკონის [იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი] ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაიმე ფორმის დემოკრატიის საზომი.

თუ გავითვალისწინებთ დღეს ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ, რეგიონში, არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების ორგანიზებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]