weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გვარამია ზურაბიშვილზე: „ეს არის ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე“

11:51 პარასკევი, 29 აპრილი 2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ის სხვა საკითხებთან ერთად სააკაშვილის შეწყალებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეწყალება ქვეყანაში ძლიერ პოლარიზაციას გამოიწვევს.

გვარამიამ განცხადება „მთავარი არხის“ ეთერში, საკუთარ გადაცემაში გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან საუბარს აზრი არ აქვს და ის საქართველოს „სამარცხვინო მთავარსარდალია“.

„სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს ვერ დაუწესებს ინდივიდულურ სანქციებს, რადგან ქვეყნის ხორბლის (ხომ არ გეცნობათ ეს სიტყვები?) და ხილის იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის. კიევის გადაწყვეტილება საქართველოდან გაეწვია ელჩი ქართული ოპოზიციური პარტიების უკრაინის ლიდერებთან გარკვეული კავშირების ბრალია, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინაში თავისი მეგობრული კავშირების გამოყენებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად –  ვციტირებ სალომე ზურაბიშვილს. სააკაშვილის შეწყალება, ამბობს ზურაბიშვილი, ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების  ერთი ნაწილი მისი მომხრეა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ნაწილი, მის შეწყალებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება – ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც კვდება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს ამას – ამიტომ საზოგადოების ერთიანობიდან გამომდინარე, მის შეწყალებას არ ვაპირებ. სააკაშვილი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა არანაირად არ მეტყველებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, რადგან, მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი შინაპატიმრობაში იყო და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი მსჯავრდებული იყო, ამბობს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოში დემოკრატია უკუსვლას არ განიცდის, ეს გადაჭარბებული შეფასებაა, რადგან საქართველოში მედია ძალიან თავისუფალია, პრობლემებია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ მხრივ, რომ რეფორმების ტემპი არასაკმარისია, ამბობს სალომე ზურაბიშვილი. საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, ასრულებს სალომე ზურაბიშვილი.

ხოდა, აი, ასე დაგასრულათ სალომე ზურაბიშვილმა ყველა, ვინც რაიმე მინიმალურ პოზიტიურ განცხადებას მაინც აკეთებდით მისი მიმართულებით. მე მესმის თქვენი, მეც მომსვლია ეს შეცდომა მიუხედავად იმისა, რომ „ომი საქართველომ დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბა“ არასოდეს ეპატიება სალომე ზურაბიშვილს, მაინც რაღაც იმედი გამღვიძებია, მაგრამ ჩემი ჩათვლით, ყველა დანარჩენი, ამ ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა დაასრულა და დაასრულა დიდი ხნის დასრულებული საკუთარი თავიც, იმ ადამიანმა, რომელიც ყველაფერია საქართველოს არჩეული  პრეზიდენტის გარდა.

ის არც აურჩევიათ და ის არც პრეზიდენტია. ეს არის ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე, რუსულ სანქციებში თანამონაწილე საქართველოს სამარცხვინო და სასაცილო მთავარსარდალი, რომელიც მეგრული და სვანური ენების სწავლაზე მეტყველებს და თვითონ ქართულად მეტყველებაც უჭირს“, – განაცხადა გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვაზე, არის თუ არა შეშფოთებული იმ გზავნილით, რომელსაც სააკაშვილის პატიმრობა უგზავნის მსოფლიოს, სალომე ზურაბიშვილის პასუხი იყო: „არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სააკაშვილის შეწყალება ძლიერი პოლარიზაციის საკითხი იქნება საქართველოში: „სხვა საკითხია ის, რომ თუ მას მართლაც დაუდგინეს რაიმე სერიოზული დაავადება, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად“, – თქვა ზურაბიშვილმა.

27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების ორგანიზებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]