weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სააკაშვილი არ სეირნობს და შერჩევით არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს – ბრეგაძე

15:25 ორშაბათი, 02 მაისი 2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება.

როგორც ბრეგაძე ამბობს, „მტკნარი სიცრუეა“, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ ეწეოდა და არ ეწევა. 

„მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას.

უნდა ითქვას, რომ მას აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით და ასევე, მას სრულად მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესს არ დაესწრო. როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ თქვა, სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“. გვარამიამ განაცხადა, მიმდინარეობს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობაზე უარის თქმა, აღარ გავუსვამ იმას ხაზს, რომ ეს პირველადი წამების შედეგია, არის წამება და არაჰუმენური მოპყრობა. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის თქვენი ვალდებულება“, – მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს და მოუწოდა, სპეციალისტებს მოუსმინონ.

27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ არ არის შესრულებული მათ მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოჯახი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ამის თაობაზე მათ მთავრობასაც მიმართეს და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]