weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ განაჩენი მიღებულია დამოუკიდებლად – დეგნანი

20:13 ორშაბათი, 16 მაისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას საქმეს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და ერთადერთი არ არის, ვისაც შეკითხვები ჰქონდა.

დეგნანის თქმით, შეკითხვები ჰქონდა სახალხო დამცველს და ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციას, ვინც მონიტორინგს უწევდა ამ საქმეს.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მაშინაც კი, როდესაც საზოგადოება არ ეთანხმება განაჩენს, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის სამართლიანია და მიღებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროცესის შედეგად. ეს არის ის, რაც გადამწყვეტია სასამართლო სისტემისადმი ნდობისთვის.

როდესაც საქმეში ჩართულია მედია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ძალიან სუფთა, წარიმართოს დამოუკიდებელად და მიუკერძოებლად, რადგან ამ დროს ორი მთავარი კონსტიტუციური პრინციპია - მედიის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებულ ამ გარემოში, სადაც ყველა ადვილად ესხმის ერთმანეთს თავს და ნაკლებად ცდილობს სხვისი აზრის მოსასმენად ან მის გასაგებადაც კი, რომ დაცული იყოს ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის, ან შერჩევითი დევნის დაუშვებლობა.

ეს უბრალოდ ფუნდამენტურია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად საქართველო ბევრს მუშაობს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მისწრაფებებში. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ“, – განაცხადა დეგნანმა.

დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

 

ამ თემაზე:

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

ბრიტანეთის საელჩო ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენით იმედგაცრუებულია

დღეს დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია საქართველოსთვის – აშშ-ის საელჩო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]