weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება – კალაძე

11:14 შაბათი, 11 ივნისი 2022

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის „არცერთ სიტყვას“.  

კალაძის თქმით, ევროპარლამენტარების დამოიკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„მოვისმინეთ ის, რომ ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი - მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, NATO-ს სტანდარტის ჯარისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია, ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

 თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება.

ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი, ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში - ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ საკუთარ ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან და „ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის“.

„ქვეყნის ტერიტორიები, სამწუხაროდ, ოკუპირებულია. არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევას ეხება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენიებული. ნათქვამია, რომ ის დესტრუქციული როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

„ევროპარლამენტი შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]