weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, თუმცა აზრს ესეც ვერ შემაცვლევინებს – ხუნდაძე

13:48 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით“ მიიღებს, ქვეყანამ მასზე „სამართლიანი უარი“ უნდა თქვას.

„თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც. ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან“, – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

დეპუტატი სვამს კითხვას, რა გააკეთოს, როცა არც ევროპარლამენტარებისგან „საზიანო სიცრუეა“ მისთვის მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“.

„გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის, მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!

ლომჯარია „მიბრძანებს“ რომ გავჩუმდე: - „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!

მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება?

თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ნატვრაა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი გახდეს.

10 ივნისს დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოწოდებასაც შეიცავს. ხუნდაძის შეფასებით, ევროპარლამენტის დამოკიდებულება საქართველოსადმი უსამართლოა.

„თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დიმიტრი ხუნდაძის ეს განცხადება არაკონსტიტუციურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]