weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მომავალ შეხვედრამდე! – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

13:36 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში თავის ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. „დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი“, – ამბობს ელჩი ვიდეოში, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, მეტე ჰარცელმა საქართველოდან გამგზავრების წინ გაავრცელეს.

კარლ ჰარცელის თქმით, ამაყია, რომ არის იმ ისტორიული მომენტის მომსწრე, როდესაც ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს ევროპის გაძლიერებაში.

„საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, მისი ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის.

გასულ თვეს ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველოს წარმატებით გამოიყენებს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკანდახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა.

საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ უბრალოდ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე!“, – ამბობს კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელ ვიდეოში.

სექტემბრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პოლონელი დიპლომატი, პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს. ის ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]