weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

გოგაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი გომელაურმა შეუგზავნა, ადვოკატი უარყოფს

16:47 პარასკევი, 26 აგვისტო 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ფორმალურად, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მითითებით ჰყავდა აყვანილი და მისი როლი გზავნილების გადაცემა იყო. ადვოკატი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო. ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი. შემდეგ ის შემოვიდოდა ჩემთან, როგორც ჩემი ადვოკატი და გადმომცემდა მათ პირობებს კონკრეტულად“, – წერს გოგაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ მორიგ წერილში.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსთვის თქმით, ვახტანგ გომელაურის შეთავაზებას დათანხმდა, რადგან ეს მისთვის „დამატებითი მტკიცებულების შანსი იყო“. როგორც იოსებ გოგაშვილი ამბობს, ციხის დირექტორის მოადგილემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის ტელეფონის ნომერი მისცა.

„ტელეფონის ნომერი ადვოკატების მეშვეობით ჩემს ოჯახს გადავეცი. თან გავუმხილე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და უჩემოდ არ გაეხმოვანებინათ ეს ინფორმაცია. მოხდა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, იგი მივიდა ჩემს ოჯახში და მოხდა ფორმალურად კონტრაქტის შედგენა, აღნიშნული ფაქტი ოჯახმა დააფიქსირა. ამის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან, მე-12 დაწესებულებაში...

მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.

მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო. მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის“, – ამბობს იოსებ გოგაშვილი.

მისივე თქმით, პირველ რიგში, აფგან მუხთარლის შესახებ გაკეთებული განცხადების უარტოფას სთხოვდნენ: „უნდა მეთქვა, რომ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა“, – წერს გოგაშვილი.

როგორც ის ამბობს, ამის შემდეგ დიმიტრი მჭედლიშვილი აღარ უნახავს.

„კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას“, – მიმართავს იოსებ გოგაშვილი ხელისუფლებას.

 ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი / ადვოკატთა ასოციაციის ფოტო

დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, იოსებ გოგაშვილთან „არავის მიუგზავნია“ და არც შინაგან საქმეთა მინისტრს იცონობს.

„მისივე [იოსებ გიოგაშვილის] თხოვნით ჩავერთე, კონტრაქტი გავაფორმე მის მეუღლესთან და ციხეში ერთხელ შევედი. ვისაუბრეთ და ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, მათ შორის, ჩემს ჰონორარზე და მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია აღარ მქონია. კონკრეტულ საქმეზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირველი შეხვედრა იყო და ჯერ ჩვენ პირობებზე უნდა ჩამოვყალიბებულიყავით“, – ამბობს დიმიტრი მჭედლიშვილი.

11 აგვისტოს ადვოკატებმა რამაზ ჩინჩალაძემ და დიმიტრი ღონღაძემ განაცხადეს, რომ იოსებ გოგაშვილი ციხის წარმომადგენლებმა სააბაზანო ოთახში ოთხჯერ გაიყვანეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ტელეფონით ასაუბრეს. ადვოკატების ინფორმაციით, გომელაური გოგაშვილს დაემუქარა „იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა რა შეიძლება დამართნოდა როგორც მას, ასევე მის ოჯახს“. ადვოკატების თქმით, იმ დროს, როდესაც გოგაშვილს მხოლოდ მათთან კომუნიკაციის უფლება აქვს, ციხეში ოჯახის წევრებთან შეახვედრეს იმისთვის, რომ მათ „გაჩუმების თაობაზე“ დალაპარაკებოდა.

იოსებ გოგაშვილის მტკიცებით, შს მინისტრის ზარები 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. სახალხო დამცველმა ციხის შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნულ თარიღებში ჩამწერი მოწყობილობები მწყობრიდან იყო გამოსული.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა იოსებ გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდი და ტყუილი უწოდა.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]