weather cur horoscope tv
მარტი 25, 2023

ომბუდსმენს აცნობეს, რომ ციხეში გოგაშვილის გადაადგილების კადრები ჩაწერილი არ არის

15:58 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი მოწყობილობები „მწობრიდან იყო გამოსული“ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის მტკიცებით, ის სააბაზანო ოთახში რამდენჯერმე გაიყვანეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა.

ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ იოსებ გოგაშვილი სააბაზანო ოთახში პირველად 28 ივლისს გაიყვანეს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს ალაპარაკეს, რომელიც მას დაემუქარა - „იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა რა შეიძლება დამართნოდა როგორც მას, ასევე მის ოჯახს“. ადვოკატების თქმით, იმ დროს, როდესაც გოგაშვილს მხოლოდ მათთან კომუნიკაციის უფლება აქვს, ციხეში ოჯახის წევრებთან შეახვედრეს იმისთვის, რომ მათ „გაჩუმების თაობაზე“ დალაპარაკებოდა. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია გოგაშვილმა მის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც დაადასტურა და მიუთითა ზარების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები - 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით.

სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და 12 აგვისტოს ციხის შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით გვაცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის განცხადებით, საკმაოდ დიდი ტერიტორიის ამსახველი ჩანაწერების დაარქივება ჰქოდათ მოთხოვნილი, რაც მოიცავდა კონკრეტულ თარიღებში გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტს, საკანს, საერთო სივრცეს და კორიდორს.

„მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ვიდეო კამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა „გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მისი ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდი და ტყუილი უწოდა: „არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე პირადად მიცნობს, იცის, რომ არამარტო ნაცნობების, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა არავის მიმართ, რომ ვინმეს ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი“.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ციხეში გოგაშვილის მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაადასტურა. მინისტრის განმარტებით, გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება წახალისების მიზნით მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]