weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მინისტრის თქმით, გოგაშვილის ოჯახთან შეხვედრა კარგი ქცევის გამო წახალისება იყო

16:11 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი რუსთავის ციხეში ოჯახის წევრებს შეხვდა. შეკითხვას, როგორ შედგა ეს შეხვედრა მაშინ, როდესაც გოგაშვილს პაემნების უფლება არ აქვს, მინისტრმა უპასუხა, რომ საქმის მასალებს „გრიფით საიდუმლო“ ადევს და მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ კანონი არ დარღვეულა.

„ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ყოფაქცევაც იყო ძალიან დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული.

ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს ათასი რამ. ამ ადამიანმს აქვს თავისი არჩევანი და მისი გამოხატვის თავისუფლებაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება სააბაზანო ოთახში გოგაშვილის გაყვანის ეპიზოდს, იუსტიციის მინისტრის თქმით, „საშხაპეში შესვლის უფლებით ყველა პატიმარი სარგებლობს, მათ შორის ბატონი გოგაშვილიც“.

„შესაძლოა მან ისარგებლა ამ უფლებით და საშხაპეში იყო შესული. გარკვეულწილად, ეს ინფორმაცია პერსონალური ხასიათისაა და მე არ ვსაუბრობ ხოლმე მსჯავრდებულების პერსონალურ ინფორმაციაზე. რამდენჯერ იყო ის საშხაპეში ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ეს არის მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვამოძრავებს, არის ჰუმანური მიზნები, ორიენტირებულები ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე. გუშინ გავრცელდა მისი ოჯახის წევრების მიმართვა, მათ შორის, ჩემი მისამართითაც მისი მეუღლის მხრიდან და მინდა დავამშვიდო, რომ მისი უსაფრთხოება იყო სრულად დაცული.

ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა ბატონ გოგაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს შორის, ემსახურებოდა იმასაც, რომ თავად მისი ოჯახის წევრები დარწმუნებულიყვნენ, რომ მის უსაფრთხოებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, გასაჯაროვდება თუ არა გოგაშვილის სააბაზანო ოთახში გაყვანის ამსახველი ვიდეოკადრები, რაზეც მან უპასუხა: „თუ ეს გამოძიების ინტერესში იქნება, შემდგომში გამომძიებელთან ვისაუბრებთ და არა თქვენთან. როდისმე გინახავთ, რომ არ გვეთანამშრომლოს ან გამოძიებასთან ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება შეუძლია?! კანონმდებლობის ფარგლებში, ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დავალებებს“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

გუშინ, 11 აგვისტოს, იოსებ გოგაშვილის Facebook-გვერდზე მისი განცხადება გამოქვეყნდა. გოგაშვილი ამბობდა, რომ ციხეში ბიძინა ივანიშვილისაგან მუქარა მიიღო – „თუ არ გავჩერდები და სასურველ ჩვენებას არ მივცემ, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება“.

იმავე დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულები იოსებ გოგაშვილი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით ოთხჯერ ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. როგორც ადვოკატი ამბობს, გოგაშვილს მისი ოჯახის წევრების „გაჩუმებაც“ მოსთხოვეს და ამ მიზნით ისინი ციხეშიც შეახვედრეს მაშინ, როცა სასამართლოს დადგენილებით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს მხოლოდ ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლება აქვს. იოსებ გოგაშვილის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც ზარები ხორციელდებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გოგაშვილის და მისი ადვოკატების განცხადებების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. „უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა, მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს. წინასწარი პატიმრობის შეფარდების და რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ გოგაშვილმა ადვოკატების მეშვეობით რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. ის ასევე წერდა, რომ გომელაურმა ექვსი წლის წინ, როდესაც სუს-ის უფროსი იყო, საკუთარი ქალიშვილის საქმრო მის „ერთგულ სუს-ის ზონდერებს“ გაატაცებინა, აწამებინა, სომხეთის საზღვარზე „გადააგდებინა“ და დაემუქრა, რომ თუ დაბრუნდებოდა, იარღს ჩაუდებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ შს მინისტრმა იოსებ გოგაშვილს პირველად 28 ივლისს დაურეკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]