weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პარლამენტის კომიტეტმა მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა

15:42 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა განაცხადა, რომ ამ ინიციატივით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესი იგეგმება, რომლის შედეგადაც, დაზოგილი და გამოთავისუფლებული თანხები, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება.

მინისტრის მოადგილემ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერმინოლოგიური ცვლილებები ხორციელდება და კოდექსის მთელ ტექსტში ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ იცვლება „მერი“ და „მერიის“ ჩანაწერით. გულედანის განმარტებით, არსებითად მსგავსი ფუნქციის მქონე ორი თანამდებობის ნაცვლად, მხოლოდ მერის თანამდებობა იარსებებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 14 თვითმმართველი ერთეული ჩამოყალიბდა, თავიდანვე მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა, რადგან რეფორმას შესაბამისი ფინანსური სახსრები და მენტალური მზადყოფნა არ მოყოლია.

„ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ნაწილობრივ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელი იყო და ახლა არის შანსი დაუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და ყველა მუნიციპალიტეტს განვითარების თანაბარი შანსი მივცეთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

თვითმმართველობებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ბიურომ 5 ივნისს დაარეგისტრირა. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის.

კანონპროექტის ინიცირებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვა, საკრებულოებს ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე ემსჯელათ. ეს საკითხი 14 საკრებულოდან 14–ვემ დადებითად გადაწყვიტა.

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობო სექტორი უარყოფითად აფასებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]