weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ქვეჯგუფის გამარჯვებულია

10:22 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 hits 708

4 მატჩი, 4 მოგება, 9 გატანილი და არცერთი გაშვებული ბურთი - ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაგარი UEFA-ს ერთა ლიგის D დივიზიონის ქვეჯგუფში. უკანასკნელ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ რიგაში ლატვიის ეროვნული გუნდი უშანსოდ დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაში გაიფორმეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდანვე შეუტია მასპინძლებს და მე-4 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, როდესაც გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებისას ლატვიელმა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ვაკო ყაზაიშვილი მივიდა, რომლის დარტყმულის მიმართულებაც მეკარე ანდრის ვანიინსმა გამოიცნო და ბურთი მოიგერია. „ჯვაროსნები“ მაინც სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, რადგან რამდენიმე წუთში ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით აიღო ლატვიელთა კარი. ტაიმის განმავლობაში ბურთს ქართველები აკონტროლებდნენ, ყველა კომპონენტში სჯაბნიდნენ მასპინძლებს და მეორე გოლიც გაიტანეს - 29-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ კარგი პასით ვაკო გვილია დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, „ლუცერნის“ შუახაზელმა კი იერიში გოლით ოსტატურად დაასრულა. ქართველებს კიდევ შეეძოთ გატანა, თუმცა საჯარიმოში ჩაკვეტაძეზე დარღვევისას მსაჯმა პენალტი აღარ დანიშნა.

მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა. ვაისის გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე, რაც მესამე გოლით დაამტკიცა - გიორგი ჩაკვეტაძე სამსვლიანი კონტრშეტევისას შესანიშნავად გაისარჯა და 61-ე წუთზე ბრწყინვალე სოლო ბურთი გაიტანა.

რიგაში გამარჯვებისას „ჯვაროსნებმა“ კვლავ მშრალად შეინახეს კარი და ზედიზედ მეოთხე ოფიციალური შეხვედრა მოიგეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ პლეი-ოფშია და მხოლოდ ორი მატჩი აშორებს საოცნებო ევროპის ჩემპიონატთან. ამის გარდა, საქართველოს ნაკრები ერთა იგის მომდევნო გათამაშებაში ერთი რანგით მაღალ C დივიზიონში იასპარეზებს.

ლატვია - საქართველო 0:3 

რიგა, „დაუგავა სტადიონი“

ლატვია (4-3-1-2): ვანიინსი; ჟულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაქსიმენკო; ფერტოვსი (ისაიევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი; რაკელსი; კარაშაუსკსი (იკაუნიეკსი 70), გუტკოვსკისი (შაბალა 70).

მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, დვალი; კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34); მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 89); ყაზაიშვილი.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: კანკავა (8), გვილია (29), ჩაკვეტაძე (61).

გაფრთხილება: გუტკოვსკისი (46).

მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]