weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ისევ სამი ქართველით ევროპა ლიგაზე

11:40 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

UEFA-ს ევროპა ლიგაზე მონაწილეობა ამჯერადაც სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. ხუთმა ევროპულმა კლუბმა, რომლეთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელი ირიცხებიან, მე-3 ტურის შეხვედრები გამართეს.

ტრნავის „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე პირველადგილოსან ზაგრების „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა. არადა სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა მეორეში სტუმრებისგან ორი გოლი გაუშვა. ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, დავით სხირტლაძე კი 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როდესაც ანგარიში უკვე 1:2 იყო. „სპარტაკს“ 3 ქულა აქვს, მის წინ კი „ფენერბაჰჩე“ და „დინამო“ არიან, რომლებსაც შესაბამისად, 4 და 9 ქულა აქვთ.

სტუმრად „ყარაბაღთან“ პირველი გამარჯვება (1:0) მოიპოვა პოლტავის „ვორსკლამ“, რომლის რიგებში მხრის ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია სანდრო კობახიძეს. განაცხადში ასევე ვერ მოხვდა მცველი ანდრო გიორგაძე.

მესამე შეხვედრა წააგო „დუდელანჟმა“, ამჯერადაც შინ - პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ 0:2. ლუქსემბურგული კლუბის რიგებში ლევან ყენია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა თავის გუნდს ვერ უშველა, რადგან ბერძნულმა კლუბმა მეორე გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.

მოსკოვის „სპარტაკმა“ გასვლაზე გლაზგოს „რეინჯერსთან“ უგოლო ფრე ითამაშა, ჯანო ანანიძე კი განაცხადშიც არ ყოფილა. ცნობისთვის, 90 წუთი ითამაშა გიორგი ჯიქიამ (ფოტოზე), თუმცა მოგეხსენებათ, იგი რუსეთის ნაკრებში გამოდის.

დასანანი მარცხი იწვნია „კრასნოდარმა“, რომელმაც ლიეჟში „სტანდარდთან“ გამართულ მატჩში გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა, არადა მანამდე ანგარიში 1:1 იყო და რუსული კლუბიც პერიოდულად მასპინძლებზე უკეთაც თამაშობდა. კრასნოდარელთა განაცხადში ვერ მოხვდა წინა ტურის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი. მურად მუსაევის გუნდს „სევილიისა“ და „სტანდარდის“ მსგავსად 6 ქულა აქვს და შემდეგ ტურებშიც საინტერესო მატჩები ელოდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]