weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

El Clásico: „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ გაანადგურა

22:31 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„ელ კლასიკოდ“ წოდებული ცნობილი საფეხბურთო დაპირისპირება „ბარსელონას“ დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. მასპინძელმა კატალონიელებმა მადრიდის „რეალი“ ლუის სუარესის ჰეთ-თრიქით დაჯაბნეს და მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართული შეხვედრა ბოლო 11 წლის მანძილზე პირველი „ელ კლასიკო“ იყო, რომელშიც ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო არ მონაწილეობდნენ. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი ვარსკვლავი უკვე „იუვენტუსისთვის“ ირჯება, „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს კი ხელი აქვს მოტეხილი. მესის არყოფნაში გუნდის ლიდერობა ურუგვაელმა ლუის სუარესმა იკისრა და მესამე შვილის დაბადება სამი გოლითა და შესანიშნავი ასპარეზობით აღნიშნა.

რიგით 238-ე ოფიციალური „ელ კლასიკო“ ერნესტო ვალვერდეს გუნდის აქტიურობით დაიწყო. მე-11 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი ჟორდი ალბას გამოზომილ გადაცემას ფილიპე კოუტინიო გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. თამაში „ბარსას“ კარნახით მიდიოდა, დაბნეული „რეალი“ კი ვერაფერს უპირისპირებდა მეტოქეს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შორიდან დარტყმულს. 30-ე წუთზე რაფაელ ვარანმა საჯარიმოში ლუის სუარესს უკნიდან ეუხეშა, არბიტრმა ვიდეორეფერისთან განხილვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად თავად სუარესმა უზუსტესი დარტყმით აქცია.

მეორე ტაიმი „სამეფო კლუბმა“ აქტიურად დაიწყო და მარსელომ სხვაობის შემცირება მოახერხა. მალევე „რეალს“ გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა ლუკა მოდრიჩის დარტყმული ძელმა უკუაგდო. „ბარსელონა“ გამოფხიზლდა, საპასუხოდ შეუტია და სუარესმა ასევე ძელს გაარტყა ბურთი. გუნდები თამამად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს, თუმცა გოლი კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს - სერხი რობერტოს გადაცემისას სუარესმა უჩვეულო პოზიციიდან ეფექტური თავურით დალაშქრა ტიბო კურტუას კარი. ინტრიგა მოკვდა და დარჩენილ დროშიც მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა ფეხბურთს: სუარესი ტექნიკურად გაისარჯა და მესამედ აიღო პრინციპული მეტოქის კარი, მეხუთე ბურთი კი შეცვლაზე შესული არტურო ვიდალის ანგარიშზეა, რომელმაც „ბარსელონას“ მაისურით სადებიუტო გოლი თავით გაიტანა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონში ლიდერობა განიმტკიცა - 10 ტურის თავზე მის აქტივში 21 ქულაა, „რეალი“ კი 14 ქულით მე-9 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსმა“ მიმდინარე ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში კი შესაძლო 15 ქულიდან მხოლოდ 1 ქულა აიღო (0:3, 0:0, 0:1, 1:2, 1:5). ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგის დღეები დათვლილია.

ლუის სუარესს მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი დაუგროვდა და მესის დაეწია. მათ წინ იაგო ასპასი (სელტა) და კრისტიან სტუანი (ჟირონა) არიან 8-8 გოლით. ურუგვაელი ფორვარდის პირად ანგარიშზე თავის მხრივ „ელ კლასიკოში“ გატანილი 9 გოლია.

აქვე გეტყვით იმას, რომ ბოლო ხუთი დაპირისპირებაა, რაც მადრიდული გრანდი „ბარსელონასთან“ გამარჯვებას ვეღარ ახერხებს: უკანასკნელი „ელ კლასიკო“ მადრიდელებმა 2016 წლის 2 აპრილს მოიგეს, მას შემდეგ გამართული ხუთი მატჩიდან კი ორი ფრედ დასრულდა, სამი - „ბარსას“ გამარჯვებით.

რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ყველა დროის სტატისტიკას, დღეის ჩათვლით 238 ოფიციალური მატჩიდან 95 მოგება „რეალს“ ეკუთვნის, „ბარსელონას“ – 94, 50 შეხვედრა კი ფრედაა დასრულებული. ბურთების შეფარდება „ბარსელონას“ სასარგებლოდაა 591:401.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]