weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მნიშვნელოვანია, რომ ოსეთში ვარ – ქართველი მოჭიდავეები „ალანების“ ფინალში გავიდნენ

11:58 კვირა, 09 დეკემბერი 2018

ვლადიკავკაზში ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი „ალანები“ მიმდინარეობს, რომლის ფინალშიც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ) გავიდნენ. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ტურნირი თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის, ვიაჩესლავ ბიტაროვის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება, საპრიზო ფონდი კი 100 000 დოლარია.

„მზად ვართ ბრძოლისთვის. ბიჭები ძალიან თბილად შეგვხვდნენ. ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. ჩვენ ძალიან ახლობელი ხალხი და ერი ვართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოსეთში ვარ“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ფინალისკენ მიმავალ გზაზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსი მეტოქეების ოსტაპ პასენოკს (5-0) და ვიტალი გოგლოევს (12-4) ძლევის შემდეგ ამერიკელი რობერტ ნელსონი აშკარა უპირატესობით 10-0 გაანადგურა, ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელ ტაგი სადესადეს შეერკინება.

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედ ხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო. კენჭაძე ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს რუს ტიმურ ბიჟოევს შეხვდება.

ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს, რომელსაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა. ფინალში ქუთაისელი ფალავანი რამაზან ფერზალიევს დაეჭიდება.

ტურნირის ფინალური შეხვედრები დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]