weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქუთაისი“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია

11:54 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს საკალათბურთო სუპერთასის გამარჯვებული „ქუთაისი“ გახდა, რომელმაც ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ 75:67 დაამარცხა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით – 42:25 დაწინაურდა.

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა „დინამოელები“ არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისელებმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის 4 ქულამდე აღმოფხვრა მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე მიითვალეს გასამარჯვებლად აუცილებელი ქულები და სუპერთასის მოგება გაინაღდეს.

„ქუთაისს“ 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს თომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. „დინამოში“ 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

დიდი შესვენების დროს დაჯილდოვდა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ჩემპიონი „დინამოს“ დამრიგებელი ირაკლი ხოშტარია ლეგენდარული ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ვეტერანმა კალათბურთელმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ქორქიამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]