weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპა ლიგაზე თამაშს ორი ქართველი აგრძელებს

10:42 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ჯგუფური ტურნირი UEFA-ს მეორე რანგის ტურნირ ევროპა ლიგაზეც დასრულდა და ყველა ის გუნდი გახდა ცნობილი, რომლებიც პლეი-ოფიდან გააგრძელებენ ასპარეზობას. ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზეა ის ორი საფეხბურთო კლუბი, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრებიც იცავენ.

ბოლო ტურამდე D ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო, ამიტომ ტრნავის „სპარტაკის“ საშინაო გამარჯვება (1:0) პრესტიჟის საქმეღა გამოდგა. სლოვაკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნახევარმცველები - ვახტანგ ჭანტურიშვილი და დავით სხირტლაძე, რომლებმაც სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ სრულად ითამაშეს. საბოლოოდ „სპარტაკს“ 7 ქულით მესამე ადგილი ერგო და მხოლოდ სამქულიან ბრიუსელის „ანდერლეხტს“ აჯობა, ქვეჯგუფიდან კი ზაგრების „დინამო“ (14 ქულა) და „ფენერბაჰჩე“ (8 ქულა) გავიდნენ.

ასევე არაფერი შეცვლილა E ჯგუფში, სადაც პოლტავის „ვორსკლამ“ მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად - ლისაბონში „სპორტინგთან“ (0:3). უკრაინული კლუბის განაცხადში კვლავ არ ყოფილან მცველი ანდრო გიორგაძე და შემტევი ნახევარმცვლეი სანდრო კობახიძე, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს. „ვორსკლამ“ მხოლოდ „ყარაბაღს“ აჯობა, პლეი-ოფში კი ლონდონის „არსენალი“ და „სპორტინგი“ მოხვდნენ.

F ჯგუფის უპირობო აუსტაიდერმა, ლუქსემბურგულმა „დუდელანჟმა“ პირველი ქულა ბოლო, მე-6 ტურში აიღო, როდესაც შინ უგოლოდ დაუზავდა სევილიის „ბეტისს“. ლევან ყენია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 71-ე წუთზე შეცვალეს.

ბოლო ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ პლეი-ოფში მოსახვედრად მიზერული შანსები ჰქონდა - სტუმრად „ვილიარრეალი“ უნდა დაემარცხებინა, ხოლო ვენის „რაპიდს“ არ უნდა მოეგო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა - მოსკოველები ესპანეთში დამარცხდნენ (0:2) , „რაპიდმა“ კი შინ გლაზგოს „რეინჯერსს“ სძლია 1:0 და მომდევნო ეტაპზე სწორედ გამარჯვებული გუნდები გავიდნენ. ჯანო ანანიძე „ვილიარრეალის“ წინააღმდეგ მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ანგარიში უკვე 2:0 იყო. „სპარტაკის“ რიგებში 90 წუთი ითამაშა რუსეთის ნაკრების წევრმა გიორგი ჯიქიამ, რომელმაც ყვითელი ბარათიც მიიღო.

„სევილიასთან“ სტუმრად დამარცხდა (0:3), თუმცა მომდევნო ეტაპზე გააღწია „კრასნოდარმა“, რომლის განაცხადში არ ყოფილა თორნიკე ოქრიაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფშია კიევის „დინამოც“, რომლის რიგებშიc ირიცხება ახლო წარსულში ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი (კობა) წიტაიშვილის ვაჟი გიორგი წიტაიშვილი, თუმცა მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

ამრიგად, ევროპა ლიგას მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელის კლუბი შემორჩა, ესენია - ოქრიაშვილის „კრასნოდარი“ და დავით ხოჭოლავას დონეცკის „შახტარი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო UEFA-ს მეორე საკლუბო ტურნირზე. 1/32-ფინალში ორივე გუნდის მეტოქე კენჭისყრით გაირკვევა. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]