weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ფედერაციის პრეზიდენტმა თავში რკინა ჩამარტყა - მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

23:54 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი და ორგზის ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ორჯერ რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა და თავი გაუტეხა.

ზურაბ დათუნაშვილი აღნიშნულ ინციდენტსა და ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. იგი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს რეგირებისკენ მოუწოდებს.

"ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის, შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი ხდები და წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო წყალში გიყრიან, რთულია თავის შეკავება. აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემ ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი.

მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. კობლიაშვილის და ჩემ გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს.

ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი.

საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითიც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს.

ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება. აღნიშნული ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.

ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული, პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერცერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე.

ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მე თავად ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დღიდან საქართველოს არცერთი ჩემპიონატი არ მაქვს გამოტოვებული და არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა, ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ ყოველწლიურად სწორედ შიდა ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია და ყველას გვქონოდა თანაბარი შანსი. თუმცა ბოლო პერიოდში, ზემოთ ნახსენები დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას ხალიჩაზე სამართლიან დაპირისპირებაში გამოვავლინოთ საუკეთესო. გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე. მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია ჩემ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ არ მომხდარიყო სპორტსმენების ამ ნიშნით არჩევა და ზოგადად ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ უნდა ჰყოლოდა პირადი მოწაფეები, რადგან ეს ბუნებრივად ტოვებდა არასამართლიანი დამოკიდებულების განცდას სპორტსმენებში.

მინდა, ნაკრების წევრებს, რომლებიც გასულ ზაფხულსაც და ახლაც დამიდგნენ გვერდში და მიცხადებდნენ მხარდაჭერას, მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს ფედერაციაშია არ მოსწონს არავის და მინდა ყველას ვთხოვო, არ შეეშინდეთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის.

ასევე მინდა მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ, ისაუბრონ ამ თემაზე.

მინდა მივმართო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჭიდაობის ფედერაციიდან და მათ ნაცვლად დაასაქმეს გაურკვეველი ხალხი, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ჭიდაობის სამყაროსთან, ისაუბრონ ამ თემაზე ღიად.

მინდა აღვნიშნო, რომ ნახსენები პრობლემები არის მხოლოდ იმ უსამართლობების ზედაპირი, რაც ფედერაციაში ხდება. სიღრმეებში ჩასვლისა და საჯაროდ ყველა დეტალის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა მინდა ზემდგომ ორგანოებს - სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად, რადგან ბევრი მოჭიდავისა თუ დამსახურებული მწვრთნელისთვის აუტანელია ის გარემოებები, რაც ხდება. მინდა, ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა არ მიმიღია, ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოიფარგლებოდა სპორტითა და ვარჯიშით და ამჯერადაც, ერთადერთ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფედერაციას ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორსაც იმსახურებს ჭიდაობა და რომელიც შეგვიქმნის ჯანსაღ გარემოს სპორტსმენებს.

მიმაჩნია, რომ ამდენი დუმილი მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე და მივიღებთ იმაზე უფრო წარმოუდგენელ სიტუაციებს, რაც მოხდა 11 იანვარს, ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში. როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს.

დღეს გაჩუმება ნიშნავს ამ კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რამაც შესაძლოა სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატორული მეთოდებით მართავს მას".

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წლის დეკემბერში 4 წლის ვადით აირჩიეს. მისი სახელი 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა სპორტსმენებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცემეს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, სწორედ გეგა გეგეშიძე ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" მართვას. ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ამასთან, გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე - საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 7000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]