weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარიზელთა გამარჯვება მანჩესტერში და ძანიოლოს დუბლი რომში

10:54 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

ორთვიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური შეხვედრით განახლდა. „ოლდ ტრაფორდზე“ სულშერის გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ საფრანგეთის ჩემპიონ გუნდთან დამარცხდა, „რომამ“ კი თინეიჯერი ნოკოლო ძანიოლოს დუბლით მოახერხა შინ „პორტოს“ ძლევა.

ულე გუნარ სულშერის მისვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაშის ხარისხი და შედეგიანობა მყისვე გამოასწორა (11 მატჩი - 10 მოგება და 1 ფრე), რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ „წითელი ეშმაკები“ თომას ტუხელის გაწვრთნილ „პარი სენ-ჟერმენსაც“ არაფერს დაუთმობდნენ, თუმცა პარიზელებმა ორი ლიდერის, ნეიმარისა და ედინსონ კავანის არყოფნის მიუხედავად დაჯაბნეს მასპინძლები და ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.

მატჩი მაღალ ტემპში, უმეტესად უხეშობით დაიწყო და პირველ ტაიმში საგოლე მომენტი თითქმის არ შექმნილა, თუმცა თამაში მაინც უფრო თომას ტუხელის გუნდის კარნახით მიდიოდა. მეორე ნახევარში ჯერ 53-ე წუთზე ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ კუთხურზე და პრესნელ კიმპემბემ გამოიჩინა თავი და სადებიუტო გოლი გაიტანა, მალევე კი დი მარია ფლანგზე გაიქცა და კილიან მბაპემაც აუღელვებლად გაზარდა სხვაობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის მიმდინარეობისას მანჩესტერელებს ორი იძულებითი ცვლილება მოუხდათ და ამანაც არია მათი გეგმები. ასეა თუ ისე, „პარიზულმა კლუბმა დამსახურებულად მოიგო და მეოთხედფინალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

მანჩესტერ იუნაიტედი - პარი სენ-ჟერმენი 0:2

კიმპემბე (53), მბაპე (60).

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „რომამ“ პორტუგალიური გრანდი დაჯაბნა და რომ გამართლებოდა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდა, გამარჯვება კი როგორც უკვე ვახსენეთ, 19 წლის ტალანტმა გამოჭედა. მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს, თუმცა პირველი ტაიმი მაინც მოსაწყენი გამოდგა, რადგან ორივე გუნდი ფრთხილობდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა და ვეტერან იკერ კასილასს მაღალი კლასის დამტკიცება არაერთხელ მოუწია, მაგრამ ესპანელმა გოლკიპერმა ძანიოლოს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო: ედინ ჯეკოს კარგი გადაცემის შემდეგ თინეიჯერმა თითქმის ოცი წლით უფროს კასილასს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა და ანგარიში გახსნა, ზუსტად 6 წუთში კი მეორე გოლიც გავიდა - ჯეკომ შორიდან გაისროლა და პირველი ტაიმის მსგავსად ბურთი ძელს მოახვედრა, მაგრამ ამჯერად ძანიოლომ დუბლი გაიფორმა. „რომა“ თამაშს სრულად აკონტროლებდა და საფინალო სასტვენამდეც ბევრი არ რჩებოდა, თუმცა 79-ე წუთზე „პორტოს“ გაუმართლა და სხვაობა შეამცირა. ამ წყვილში ყველაფერი მაინც განმეორებით მატჩში „ესტადიო დო დრაგაოზე“ გადაწყდება.

რომა - პორტო 2:1

1:0 ძანიოლო (70) 2:0 ძანილო (76) 2:1 ადრიან ლოპესი (79).

დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შევხედრა გაიმართება: აიაქსი-რეალი და ტოტენჰემი-დორტმუნდი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]