weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კონფედერაციათა თასი გერმანიის ნაკრებმა მოიგო

10:06 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ფეხბურთში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ამ დროისთვის პლანეტაზე ჯერ კიდევ საუკეთესოა. იოახიმ ლიოვის საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე გუნდმა „მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად“ წოდებული FIFA-ს კონფედერაციათა თასის ფინალში ჩილეს ნაკრები დაამარცხა და პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა - „ბუნდესმანშაფტს“ საფრანგეთის ნაკრების მსგავსად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები და ახლა უკვე კონფედერაციათა თასიც აქვს მოგებული.

ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის, სადაც ერთმანეთს პორტუგალია და მექსიკა დაუპირისპირდნენ. გუნდების პირველი შეხვედრა პირველ ტურში შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა, ყაიმით დასრულდა მეორე მატჩიც, რომელსაც მექსიკელები პორტუგალიელთა ავტოგოლის წყალობით იგებდნენ, თუმცა ევროპის ჩემპიონმა გუნდმა ანგარიშის გახსნამდე გაფუჭებული პენალტის მიუხედავად (ანდრე სილვას თერთმეტმეტრიანი მეკარე გილერმო ოჩოამ მოიგერია), პეპეს გოლით უკანასკნელ წუთზე გაათანაბრა, დამატებით დროში კი ადრიენ სილვას გატანილი პენალტით მოიგო.

სანკტ-პეტერბურგის სტადიონ „კრესტოსვსკიზე“ გამართული ფინალური მატჩი ჩილელთა უპირატესობით დაიწყო და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებმაც საწყის 20 წუთში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ზუსტად მე-20 წუთზე ალოგიკური გოლი გაუშვეს - საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო დიასმა ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა, ტიმო ვერნერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ცარიელ კარში ლარს შტინდლს გაატანინა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ჩილეს ნაკრებთან ორ შეხვედრაში ორი გოლი მიითვალა - მოგეხსენებათ, გუნდები ქვეჯგუფშიც ერთად იყვნენ და მეორე ტურის შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშეს. გაშვებულმა გოლმა ჩილეს ნაკრები არ დააბნია და ჩვეულ სტილში განაგრძო თამაში, მოედანზე ბურთის ფლობაშიც ჯობნიდა სახელოვან მეტოქეს, მაგრამ ყველაზე მთავარს - გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მეორე ტაიმში იგივე სიტუაცია გაგრძელდა, ჩილე ბევრს ცდილობდა, გერმანია თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. ხუან ანტონიო პიცის გუნდმა ბოლო წუთებში შტურმიც სცადა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კართან, მაგრამ რეალური მომენტების გამოყენება და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და დამარცხდა.  

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა კაპიტანი იულიან დრაქსლერი აღიარეს. საუკეთესო ბომბარდირის წოდება ტიმო ვერნერს ერგო, რომელმაც თანაგუნდელების - ლარს შტინდლისა და ლეონ გორეცკას მსგავსად 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ორივეს საგოლე პასებით აჯობა. ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი ჩილელთა კაპიტანი კლაუდიო ბრავო დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]