weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2021

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რვავე სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვა

12:13 ორშაბათი, 03 ივლისი 2017 hits 2596

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - ევროპირველობაზე რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და მედლის მოპოვება რვავე მოჭიდავემ შეძლო: 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი – ასეთია ქართული გუნდის მონაგარი.

55, 66, 84 და 120 კილოგრამებში საქართველოს სახელით გერმანულ ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გავიდნენ. ყველაზე შედეგიანად ნაკრების ლიდერმა ზვიად პატარიძემ იჭიდავა – ქართველმა მძიმეწონოსანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ასაკობრივ ჯგუფში ტოლ-სწორი მეტოქე არ ჰყავს და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა. ფინალის გზაზე პატარიძემ თურქი იაქუფ იერლიქაია (8:0), აზერბაიჯანელი თეჰრან ამინზადე (8:0) და რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი (7:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ გეორგი გაჯინოვს წუთსა და რვა წამში მოუმთავრა საქმე (8:0).

ზვიად პატარიძის მსგავსად, დილის პროგრამა წაუგებლად დაასრულა გიორგი კურტანიძემ. 66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ევროპირველობა გერმანიის ნაკრების წევრ არტურ ტატარინოვთან შეხვედრით და სასურველი ფრით (6:6) გახსნა. შემდეგ მეტოქეებს კი გაცილებით იოლად აჯობა – ჩეხ იაკუბ ბიელესს 10:1 სძლია, ხოლო რუს სერგეი სტეპანოვს – 11:1. ფინალში კურტანიძე უკრაინის ნაკრების წევრ პავრიზ ნაბისოვთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ნუგზარ წურწუმია და თემურ ჭკუასელიძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ. წურწუმიამ ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ემინ ნარიმანოვიჩ სეფერშაევთან წაგებით (0:9) დაკარგა. იქამდე გერმანელი ალექსანდერ გინცი (6:1) და ფინელი მატიას ტერო ალარიკ პოუტანენი (10:0) დაამარცხა, რეპეშაჟის ფინალში კი რუმინალ რეზვან არნაუს აჯობა (8:0).

ჭკუასელიძემ ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვის ძლევის (7:2) შემდეგ ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში ბელარუს მიკიტა კლიმოვიჩთან წაგებით (2:8) დაასრულა. ბრინჯაოს გზაზე კი ორი მეტოქე ჩამოიშორა: იტალიელი ანტონიო მალანგონე (9:1) და აზერბაიჯანელი თუნჯაი ვაზირზადე (15:8).

შეგახსენებთ, რომ ორდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რამაზ სილაგავა (50 კგ) და ლერი აბულაძე (60 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ბექა მამუკაშვილმა (74 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. რამაზ სილაგავამ საჩემპიონო გზაზე მოლდოველი არტემ დელიანუ (7:0), სომეხი აშოტ მხითარიანი (4:1), თურქი ქემალ მუთლუ (14:11) და აზერბაიჯანელი ზულფიგარ ალიევი (5:1) ჩამოიშორა. ლერი აბულაძემაც ოთხი შეხვედრა ჩაატარა: ფინალამდე რუმინალ ტეოდორ ჰორაცაუს (3:1), ბელარუს მაქსიმ ნეგოდასა (2:1) და სომეხ ჰრაჩა პოღოსიანს (1:1) აჯობა, საჩემპიონო ბრძოლაში კი შვედეთის ნაკრების წევრი არდიტ ფაზლიია (6:4) დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]