weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შეუჩერებელი ინგლისი და საფრანგეთი უხვგოლიან გამარჯვებებს აგრძელებენ

10:30 სამშაბათი, 26 მარტი 2019

მეორე ტურის მორიგი შეხვედრები ჩატარდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სადაც ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, გარდა პორტუგალიისა, რომელსაც სერბეთთან შეხვედრაში მსაჯი და ფორტუნა არ წყალობდა.

A ჯგუფში ფეერიულ ასპარეზობას აგრძელებს გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები, რომელიც შემადგენლობის როტაციასაც მიმართავს და შანსს ახალბედებსაც აძლევს. „სამმა ლომმა“ ამჯერად სტუმრად მონტენეგროში მოიგო. დედაქალაქ პოდგორიცაში მასპინძლები დაწინაურდნენ, თითქოს ბრძოლაც უნდა გაემართათ ძლიერი მეტოქისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ: 30-ე წუთიდან ინგლისის ნაკრებმა ჩერნოგორიელთა რბევას მიჰყო ხელი და საქმე ბოლომდე მიიყვანა. როს ბარკლი დუბლით გამოირჩა, მაიკლ კინმა და ჰარი კეინმა თითო გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა განადგურებას წერტილი რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა. ინგლისს 6 ქულა აქვს, ბურთების ბალანსი 10:1 და ნათელია, რომ ევროპის პირველობაზე პრაქტიკულად გასულია, რადგან ქვეჯგუფის სხვა ნაკრებები მას კლასითა და შედეგიანობით საგრძნობლად ჩამორჩებიან. მეორე შეხვედრაში ბულგარეთმა კვლავ 1:1 ითამაშა, ამჯერად - სტუმრად კოსოვოში.

A ჯგუფი:

მონტენეგრო 1:5 ინგლისი

კოსოვო 1:1 ბულგარეთი

ლუქსემბურგის ნაკრებს წამები დააკლდა, რომ ორი ტურის თავზე ქვეჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ უძვირფასესი ქულები სტუმარ უკრაინას გაატანა - ანდრეი შევჩენკოს გუნდმა გამარჯვება ბოლო წუთზე ლუქსემბურგელთა ავტოგოლით მოახერხა. კვლავ ვერ მოიგო შინ პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა. ევროპის მოქმედ ჩემპიონებს სერბეთთან მატჩში მსაჯმა საკამათო პენალტი დაუნიშნა, რომელიც გოლად ზღაპრულ ფორმაში მყოფმა დუშან ტადიჩმა აქცია. ამის შემდეგ მასპინძლებს ლიდერი კრისტიანო რონალდო ტრავმის გამო შესაცვლელი გაუხდათ, ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, ერთი გაიტანეს კიდეც - „პორტოელმა“ დანილომ ეფექტური მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერაფრით გაიტანეს, თანაც ხელით თამაშის გამო სერბების კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა არბიტრმა გადაიფიქრა და ლუზიტანებიც 1 ქულას დასჯერდნენ.

B ჯგუფი:

ლუქსემბურგი 1:2 უკრაინა

პორტუგალია 1:1 სერბეთი

იოლი გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებმა. მსოფლიოს ჩემპიონმა გუნდმა ისლანდიას უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლით დასაჯა კუნძულელები, რომლებიც კარგა ხანს უძალიანდებოდნენ ძლიერ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს. გოლები სამუელ უმტიტიმ, ოლივიე ჟირუმ, კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. ამავე ქვეჯგუფში შესანიშნავად თამაშობს შენოლ გიუნეშის გაწვრთნილი თურქეთის ნაკრები. პირველ ტურში სტუმრად ალბანეთის 2:0 დამარცხების შემდეგ თურქებმა შინ მოლდოვა გაანადგურეს. მატჩში დუბლი გაიფორმა „ევერტონელმა“ ჯენქ თოსუნმა.

H ჯგუფი:

საფრანგეთი 4:0 ისლანდია

თურქეთი 4:0 მოლდოვა

ანდორა 0:3 ალბანეთი

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღო

ევროპის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

„ჯვაროსნები“ შვეიცარიასთან დამარცხდნენ

გერმანიამ ჰოლანდიას რევანში აუღო

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]