weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალები დასრულდა

10:48 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთ წყვილში პრაქტიკულად ყველაფერი გაირკვა, მეორეში კი ყველაფერი წინაა.

„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა და ერთადერთი გოლი, უფრო სწორად კი ავტოგოლი იკმარა. ეს დასაწყისშივე მოხდა, როდესაც ლიონელ მესის აქტიურობისა და ლუის სუარესის თავურის შემდეგ ლიუკ შოუმ საკუთარი მეკარე დამწუხრა. ისიც უნდა ითქვას, რომ ინგლისელი მცველი რომც არ ყოფილიყო, გოლი მაინც გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, გასული სეზონიდან მოყოლებული „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე მესია 14 გოლით, მეორე ადგილზე კი მეტოქის ფეხბურთელები არიან 6 ავტოგოლით კატალონელთა სასარგებლოდ. გოლის შემდეგ თამაშს რაც შეეხება, „მანჩესტერმა“ მორიგი უფერული შეხვედრა ჩაატარა და გოლს ვინ ჩივის, კარშიც ვერ დაარტყა, თუმცა „ბარსელონასაც“ არ შეაქმნევინა ბევრი არაფერი, თანაც ჩანდა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი თავსაც დიდად არ იკლავდა, ძალებიც დაზოგა და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა 0:1

ლ. შოუ (12 ს.კ.).

გაცილებით კარგი, სანახაობრივი და საინტერესო 90 წუთი იყო ამსტერდამში, სადაც „აიაქსმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო. ძველი მეტოქეების შეხვედრაში ის ანგარიში დაფიქსირდა, რომელმაც ამ წყვილში ჯერ კიდევ არაფერი გაარკვია. გოლები საკმაოდ მოულოდნელ და უცნაურ ვითარებებში გავიდა: პირველი ტაიმის მიწურულს კრისიტანო რონალდომ თავით დალაშქრა მასპინძელთა კარგი. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამ გოლით საინტერესო რეკორდიც დაამყარა - „აიაქსის“ სარბიელზე ეს მისთვის მერვე გატანილი გოლი გამოდგა და ამ სტადიონზე, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე, მასზე მეტჯერ არავის გაუტანია. მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზევე გაათანაბრეს: ჟოაო კანსელომ საშინლად ითამაშა, ბურთი დავიდ ნერესს ჩააბარა, მერე ვეღარც გააკონტროლა მეტოქე და ბრაზილიელმაც აუღებელი დაარტყა. იყო სხვა სახიფათო მომენტებიც, მაგალითად დონი ვან დე ბეკის ან ფედერიკო ბერნარდესკის დარტყმები, ჰაქიმ ზიეშის გასროლა და ბოლოსკენ დუგლას კოსტას მიერ ძელს მოხვედრილი. შედეგი ალბათ უფრო ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსი“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა. რა თქმა უნდა, „იუვე“ ფავორიტად რჩება და ტურინშიც სასურველი შედეგი წაიღო, მაგრამ „აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდი ჩამოსაწერი ნამდვილად არაა.

აიაქსი - იუვენტუსი 1:1

0:1 კ. რონალდო (45) 1:1 დ. ნერესი (46).

 

ამ თემაზე:

მეოთხედფინალები მასპინძელთა გამარჯვებებით გაიხსნა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]