weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

09:44 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა შვედი თანატოლები დაამარცხა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ქვეჯგუფის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მეორე ტურის მატჩში პირველი გაამრჯვება მოიპოვა.

ჭაბუკმა „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს, კომბინაციური ფეხბურთი, ტექნიკური თამაში და თანამედროვე ფეხბურთიდან ბევრი სხვა ნათელი ელემენტი აჩვენეს და პირველი ტურისგან განსხვავებით, უკეთესი თამაშის შედეგში ასახვაც შეძლეს. მოედანზე საუკეთესო გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ, რომლის ჩინებული მოქმედებები რიგ ეპიზოდებში ისეთი იყო, დიდ ფეხბურთში რომ გვინახავს.

მესამე წუთზე გიორგი კოხრეიძის პრესინგმა შედეგი გამოიღო - სტუმართა მცველი შეცდა, ხოლო ქართველი შემტევი საჯარიმოში აღმოჩნდა, ორ მცველს შორის იდეალურად გაძვრა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრებს მატჩის სადავეები მთელი პირველი ტაიმი არ გაუშვია ხელიდან და 31-ე წუთზე უპირატესობა მეორე გოლშიც გარდასახა. გოლი კი დიდებული გამოვიდა: ჯერ კუციამ ითამაშა მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ დ ბურთი გიორგი ჩაკვეტაძეს გააყოლა, რომელმაც სპრინტშიც და ტექნიკაშიც დაჯაბნა შვედი მცველი, მეკარეს კი ბურთი მოხდენილად გადაავლო თავზე. ცოტა ხანში უკვე გიორგი არაბიძეს შეეძლო გოლის გატანა, როდესაც მეკარე მარკო იოჰანსონთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ ივარგა, უფრო სწორად მეკარესაც არ დავუკარგოთ გარჯა, რომელმაც ჩინებულად ითამაშა და თავისი გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმი კი მოულოდნელად და უსიამოვნოდ დაიწყო - შვედებმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან წარმართეს, რასაც ვიქტორ გიოკერესის გოლი მოჰყვა. ქართველთა დაცვის მარჯვენა ფლანგი აშკარად ჩავარდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილ დროში მშვიდად თამაში ვეღარ გამოვიდოდა. ასეც მოხდა, შვედეთი შიგა და შიგ ახერხებდა ქართველთა ანერვიულებას, მაგრამ საგოლე მოემენტებს ქართველები უფრო ქმნოდნენ. ჯერ ჩაკვეტაძის ჩინებულ თამაშს კოხრეიძის დარტყმა მოჰყვა, თუმცა მცირედით არაზუსტი, მერე კი ორჯერ უკვე გიორგი არაბიძე იყო ორჯერ ახლოს მიზანთან.

საბოლოოდ, საქართველომ 2:1 გაიმარჯვა და 3 ქულა მოიპოვა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი წინ ელის - გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 8 ივლისს, ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი „მიხეილ მესხზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]