weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2020

გერმანიის ჩემპიონი კვლავ „ბაიერნი“ გახდა

11:04 კვირა, 19 მაისი 2019 hits 363

დასრულდა 2018-2019 წლების ბუნდესლიგის გათამაშებაც, რომლის გამარჯვებულიც ისევ მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა. „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ, სულ კი 29-ედ მოიპოვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ნიკო კოვაჩის გაწვრთნილი ბავარიული გრანდის უახლოესი მდევარი წელს დორტმუნდის „ბორუსია“ იყო, რომელმაც პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა, ე.წ. ზამთრის ჩემპიონიც გახდა, თუმცა ახალი წლიდან საგრძნობლად მოუკლო, „ბაიერნმა“ კი პირიქით - ჩაგდებული პირველი წრის შემდეგ მოუმატა და ვესტფალიელებს ჩემპიონობა არ დაანება.

უკანასკნელ ტურში ორივე ხსენებულმა გუნდმა მოიგო, ამიტომაც მათ შორის არსებული სამქულიანი სხვაობა არ შეცვლილა. „ბაიერნი“ შინ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე ფრანკფურტის „აინტრახტს“ გაუსწორდა იოლად 5:1, დორტმუნდელებმა კი სტუმრად მიონხენგლადბახში მოსახელე „ბორუსია“ დაამარცხეს 2:0.

აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტელებს ბოლო გოლები ვეტერანებმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა გაუტანეს, რომლებიც „რეკორდმაისტერს“ გამოეთხოვნენ. ფრანგი შემტევი მიუნხენურ კლუბში 2007 წლიდან თამაშობდა, ჰოლანდიელი ვარსკვლავი კი - 2009 წლიდან.

რაც შეეხება 2018-2019 წლების ბუნდესლიგის ევროსაგზურების მფლობელებს, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „ლაიპციგი“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ ითამაშებენ, ევროპა ლიგის საგზურები კი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“, „ვოლფსბურგსა“ და „აინტრახტს“ (საკვალიფიკაციო) ერგოთ. წლევანდელი ბუნდესლიგა დატოვეს „ნიურნბერგმა“ და „ჰანოვერმა“, ხოლო „შტუტგარტი“ ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად ქვედა ლიგის მე-3 ადგილზე გასულ გუნდს პლეი-ოფში დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ გათამაშების ბომბარდირი 22 გოლით „ბაიერნის“ პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც მეოთხედ მოიპოვა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლის ჯილდო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]