weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩელსი vs არსენალი: ევროპა ლიგის ფინალი ბაქოში

15:33 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი, „ჩელსი“ და „არსენალი“ შეხვდებიან.

ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი პრინციპული მეტოქეებისთვის დღევანდელი დაპირისპირება რიგით 198-ეა. აქედან მცირე უპირატესობა „მეთოფეთა“ მხარესაა - 76 მოგება 63 მარცხის წილ.

საინტერესოა, რომ შიდა ინგლისური პაექრობის გარდა, ეს ორი კლუბი ევროტურნირების ფარგლებში, აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია ერთმანეთს. ეს 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა, როდესაც იმ დროს წყვილში ფავორიტი და ალბათ არსებობის ისტორიაში უძლიერესი „არსენალი“ დამარცხდა: „სტემფორდ ბრიჯზე“ ეიდურ გუდიონსენის ზუსტ დარტყმას რობერ პირესმა უპასუხა - 1:1, „ჰაიბერიზე“ კი ხოსე ანტონიო რეიესის გოლით ჩამორჩენილმა „ჩელსიმ“ ფრენკ ლამპარდისა და უეინ ბრიჯის გოლებით მოიგო.

რაც შეეხება ახლახანს დასრულებულ პრემიერ ლიგაში გამართულ ლონდონურ დერბებს, სეზონის სტარტზე, აგვისტოში, „სტემფორდ ბრიჯზე“ მასპინძელმა „ჩელსიმ“ მოიგო - 3:2, იანვარში, საპასუხო მატჩში კი უნაი ემერის გუნდმა იმარჯვა - 2:0.

ორივე გუნდი მეორედ თამაშობს ამ ტურნირის ფინალში: 2012-13 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩში რაფა ბენიტესის გაწვრთნილმა „არისტოკრატებმა“ 2:1 დაამარცხეს ლისაბონის „ბენფიკა“ და თასს დაეუფლნენ, „არსენალი“ კი 2000 წელს, იმ დროს UEFA-ს თასად წოდებული გათამაშების ფინალში „გალათასარაისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. სხვათა შორის, 2013 წელს ევროპა ლიგა „ჩელსისთან“ ერთად მეკარე პეტრ ჩეხმა მოიგო, რომელიც დღეს „არსენალის“ ღირსებას ბოლოჯერ დაიცავს. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს ოლივიე ჟირუც, რომელიც წლევანდელი ევროპა ლიგის ბომბარდირია 10 გატანილი გოლით.

დღევანდელ მატჩს „არსენალი“ უფრო დიდი მოტივაციით ხვდება. მოგეხსენებათ, „ჩელსისგან“ განსხვავებით, „მეთოფეებმა“ მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს, ამიტომაც ევროპა ლიგის მოგება სურთ, რათა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირზე მეხუთე ინგლისური გუნდის სტატუსით მოხვდნენ. მაურიციო სარის გუნდისთვის კი თანაქალაქელ მეტოქესთან ევროტურნირის ფინალი რაღა თქმა უნდა პრესტიჟის საქმეა და არაფერს დათმობს.

აღსანიშნავია, რომ უნაი ემერის ევროპა ლიგა აქამდე სამჯერ აქვს მოგებული, სამივეჯერ „სევილიასთან“ ერთად და თანაც ზედიზედ - 2014, 2015, 2016 წლებში.

გუნდების დანაკლისებს რაც შეეხება, „არისტოკრატებს“ დღეს ტრავმების გამო ანტონიო რიუდიგერი, გარი კეიჰილი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და კალუმ ჰადსონ-ოდოი არ ეყოლებათ, საეჭვოა ნ’გოლო კანტეს თამაშიც. „არსენალს“ ასევე ტრავმების გამო ექტორ ბელერინი, აარონ რემზი, დენი უელბეკი და დენის სუარესი ვერ დაეხმარებიან, ჰენრიხ მხითარიანის არყოფნის საკითხი კი საყოველთაოდ ცნობილია.

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, ა. ქრისტენსენი, დავიდ ლუისი, მარკოს ალონსო; ჟორჟინიო, ბარკლი, კოვაჩიჩი; ე. აზარი, პედრო, ჟირუ.

არსენალი: ჩეხი; კოსიელნი, პაპასტათოპულოსი, მუსტაფი, კოლაშინაცი; ტორეირა, მეიტლენდ-ნაილზი, გ. ჯაკა; ოზილი, ობამეიანგი; ლაკაზეტი.

ევროპა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი განსჯის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]