weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„დელტა“ საქართველოს ჩემპიონია

10:47 პარასკევი, 31 მაისი 2019

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი „დელტა“ გახდა. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის სუპერფინალური მატჩი ქუთაისში, ადგილობრივი გუნდისა და ქომაგების უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო და არსებობის ხანმოკლე ისტორიაში ქვეყნის უმთავრესი ტიტული პირველად მოიგო.

ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და მე-5 გადამწყვეტი მატჩის მომგები გუნდი ჩემპიონი ხდებოდა. ქუთაისელები დანაკლისით შეხვდნენ სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩს, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდს სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე – ლევან ფაცაცია, დეჟან რაიტი და ტერენს თომპსონი ქუთაისელებს პლეი-ოფის ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარნენ და ქუთაისელებმა მათ გარეშე მოიგეს ფინალური სერიის 2 შეხვედრა.

მატჩი საკმაოდ კარგად დაიწყო მასპინძლებისთვის. სადებიუტო წუთებზე ქუთაისელები 12:4 დაწინაურდნენ, თუმცა „დელტამ“ მალევე დაალაგა დაცვა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. ანგარიში მალევე გათანაბრდა და გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ლიდერიც ხშირად იცვლებოდა. ბოლო პერიოდში გადამწყვეტი შერკინება გათამაშდა. სტუმრები ერთ პერიოდში 7 ქულით გალიდერდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მალევე შედეგიანად უპასუხეს და სხვაობა 2-4 ქულაში მერყეობდა. უმნიშვნელოვანესი მომენტი გათამაშდა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როცა ოთარ ფხაკაძემ მოულოდნელად შორი სამქულიანი ჩააგდო და „დელტა“ 81:76 დააწინაურა. საბოლოოდ, „დელტამ“ მატჩი ანგარიშით 82:78 მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქუთაისის გუნდი ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა და და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს, ხოლო ჩემპიონი “დელტა” ოქროს მედლებით – საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა. თბილისური გუნდის კაპიტანი ზვიად ანთაძე საჩემპიონო თასით ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გახდა, რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომელიც „მგზავრების“ მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ტრადიცულად სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა და კომისრებმა მიიღეს.

ცნობისთვის, საკალათბურთო კლუბი „დელტა“ 3 წლის წინ შეიქმნა და შარშანწინ “ა” ლიგიდან სუპერლიგაში გადმოვიდა. გასულ წელს, სადებიუტო სეზონში გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერია „ქუთაისთან“ დათმო. ამ სეზონში კი „დელტამ“ ნამდვილი ფურორი მოახდინა: სეზონის დასაწყისში ჯერ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, შემდეგ კი საჩემპიონო თასი აღმართა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]